მოსკოვის თქმით, გუანტანამოს ყოფილი პატიმრების საქართველოსთვის გადაცემა ”არ არის წარმატებული იდეა”

გუანტანამოს სამი ყოფილი პატიმრის საქართველოსთვის გადაცემას ”ძნელად თუ უწოდებ წარმატებულ იდეას”, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ 26 მარტს.

მისი თქმით, ყოფილი პატიმრები გაიგზავნენ ”არასტაბილურ რეგიონში, სადაც ტერორისტული საფრთხე საკმაოდ ხელშესაღებია”; მისი ვარაუდით, არ არსებობს იმის გარანტიები, რომ ერთ დღესაც ეს ”ისლამისტები” ჩრდილოეთ კავკასიაში არ აღმოჩნდებიან.

”[ყოფილი პატიმრები] ”განკარგულებაში” გადაეცა სახელმწიფოს, რომლის ხელმძღვანელობასაც არაერთხელ გამოუხატავს უმაღლესი დონის უპასუხისმგებლობა და დანაშაულებრივი ავანტიურიზმი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში,”- განაცხადა ნესტერენკომ.

”დღეს არავინ არ შეიძლება იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს და ძალუძს უზრუნველყოს სათანადო კონტროლი გუანტანამოს ყოფილ პატიმრებზე,”- აღნიშნა მან.

ნესტერენკოს თქმით, მოსკოვი ფიქრობს, რომ შეერთებულ შტატებში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ”რისკებს ფხიზლად აფასებენ”  და ყველა ზომას მიიღებენ ”სიურპრიზების” აღსაკვეთად.

სამი ყოფილი ტუსაღი გუანტანამოდან საქართველოში 23 მარტს ჩამოიყვანეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს კოორდინირებული იყო საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა ”შესაბამისი უსაფრთხოების ზომები ყოფილიყო უზრუნველყოფილი”. დეპარტამენტის თქმით, ამ სამი პიროვნების გარშემო ორ ქვეყანას შორის ”კონსულტაციები” მომავალშიც გაგრძელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)