საქართველო მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაგმო ტერორიზმი და მწუხარება გამოთქვა მოსკოვის მეტროპოლიტენში, ორშაბათს დილით მომხდარი ორი აფეთქების გამო.

”პრეზიდენტი წუხილს გამოთქვამს იმ შემთხვევის გამო, რაც დღეს დილით რუსეთის დედაქალაქში მოხდა და რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ტერორიზმი ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა,”- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე, ”აქვე საქართველოს პრეზიდენტი თანაგრძნობას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, გმობს ტერორისტულ აქტს და საერთოდ ტერორიზმს, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”.  

თბილისში თავის ლიტველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა: ”საქართველო და ლიტვა ყოველთვის იყვნენ ტერორიზმის წინააღმდეგი… ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ სამძიმარს დაღუპულების ოჯახების მიმართ და იმედს გამოვთქვამთ, რომ დამნაშავეები ამ საშინელ დანაშაულში იქნებიან დაპატიმრებული და შესაბამისად დასჯილები.” 

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ორმა შაჰიდმა ქალმა მოსკოვის მეტროში პიკის საათის დროს თავი აიფეთქა. შედეგად, სულ ცოტა 37 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 65-ზე მეტი დაიჭრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)