ცესკომ ვიდეოთვალით აღჭურვილი უბნების რაოდენობა შეამცირა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გადაწყვიტა, დაახლოებით, 200-ით შეამციროს იმ საარჩევნო უბნების რაოდენობა, სადაც 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე ვიდეო სათვალთვალო კამერები განთავსდება.
ცესკოს გადაწყვეტილებით, კამერები მხოლოდ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საარჩევნო უბნებზე დამონტაჟდება.
ცესკოს განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა ეუთოსა და ვენეციის კომისიის 2008 წლის 18 ოქტომბრის რეკომენდაციით.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის და ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესახებ ერთობლივად შემუშავებულ მოსაზრებათა პროექტში ნათქვამია, რომ ვიდეო კამერების საარჩევნო უბანზე დამონტაჟებამ, ”იმ შემთხვევაშიც კი თუ კამერა მიმართული არ არის საარჩევნო კაბინისკენ”, შესაძლოა გამოიწვიოს ამომრჩევლის ”დაშინება”. იქვე ნათქვამია, რომ ამ მიზეზის გამო ეუთო და ვენეციის კომისია ვიდეო კამერების საარჩევნო უბნებზე გამოყენებას რეკომენდაციას არ უწევენ.
2006 წლის ადგილობრივი არჩევნების მსგავსად, ათასამდე საარჩევნო უბანი იყო აღჭურვილი ორ-ორი ვიდეოკამერით 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. კამერები დამონტაჟდა 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზეც. თუმცა იყო შემთხვევები, როცა ოპოზიცია პრეტენზიებს გამოთქვამდა ჩანაწერების შეზღუდული ხელმისაწვდომობის და ასევე ვიდეოთვალის არ არსებობის გამო იმ უბნებზე, სადაც ყველაზე მეტი დარღვევები ხდებოდა.
2009 წლის თებერვალში ახალმა მემარჯვენეებმა და რესპუბლიკელებმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ერთობლივ ხედვაში სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნეს, რომ აუცილებელი იყო ყველა საარჩევნო უბნის ვიდეოთვალით აღჭურვა და ჩანაწერების შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა.
2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საბოლოო მოხსენებაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ იმ 63 უბანზე, რომელსაც მისიის დამკვირვებლები სტუმრობდნენ, ”ვიდეოკამერები ისე იყო დამონტაჟებული, რომ ის არ უზრუნველყოფდა ხმის მიცემის ფარულობას”. ანალოგიური მოხსენება, რომელიც 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, მსგავს ფაქტებზე არ იტყობინება.
საარჩევნო კოდექსში დეკემბერში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ვიდეოთვალის საარჩევნო უბნებზე დამონტაჟება სავალდებულო არ არის, მაგრამ ცესკოს გადაწყვეტილებით სათვალთვალო კამერები ”შეიძლება განთავსებულ იქნეს”. ამასთან, ვიდეოთვალის ჩანაწერი არ არის საჯარო ინფორმაცია.
2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო ნორმით ვიდეოთვალით გადაღებული მხოლოდ ის 15-წუთიანი მონაკვეთი არის ხელმისაწვდომი, რომელსაც საარჩევნო უბანში მყოფი უფლებამოსილი პირი კონკრეტული დროის და დარღვევის მითითებით გამოითხოვს.
საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო ანგარიშში ეუთო გამოვიდა რეკომენდაციით, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოთვალის გამოყენება გაგრძელდებოდა, მისი სრული ჩანაწერი ყოფილიყო შეუზღუდავად ხელმისაწვდომი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)