ევროკავშირის გაფართოებაზე პასუხისმგებელი კომისარი საქართველოს ეწვევა
ევროკავშირის გაფართოებასა და სამეზობლო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ევროკომისარი შტეფან ფულე თავისი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში 7 აპრილს ორდღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოვა.
“ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია… ეს უმნიშვნელოვანესი ვიზიტი მომცემს კიდევ ერთ შესაძლებლობას, ხაზგასმით დავადასტურო ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი,“ – განაცხადა ფულემ 6 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
ვიზიტის დროს შტეფან ფულე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს 2011-2013 წლებში საქართველოსთვის 180.29 მილიონი ევროს დახმარების გამოყოფის თაობაზე.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებით, ”ამ ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი” მიმართული იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პლურალიზმის, ადამიანის უფლებების საკითხებს და ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას ქვეყნის განვითარებაში.
დელეგაციის თქმით, ფინანსური დახმარების ნაწილი მიმართული იქნება რეფორმების გაგრძელებაზე იუსტიციის, სახელმწიფო ადმინისტრირების და საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე, ასევე, ინვესტიციების წახალისებაზე, განსაკუთრებით საბაზრო და მარეგულირებელი რეფორმების და ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი სამომავლო შეთანხმების მომზადებაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)