სააკაშვილი: ”კაჩინსკიმ საოცარი როლი ითამაშა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში”

პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელიც 10 აპრილს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა, ”ყოველთვის ემახსოვრებათ, როგორც პოლონეთის ისტორიის, ევროპის ისტორიის და რა თქმა უნდა, ჩემი რეგიონის ისტორიის გამორჩეულ ფიგურად,” განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა ლონდონიდან, რომ კაჩინსკი იყო ”დიდი სიმამაცის, დიდი გულის და პრინციპების ადამიანი”. 

პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი სმოლენსკის აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა, რის შედეგადაც თვითმფრინავში მყოფი სულ ცოტა 96 მგზავრი დაიღუპა. პრეზიდენტისა და მისი მეუღლის გარდა, მგზავრებს შორის იყვნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობა. პოლონეთის დელეგაცია კატინში მიემგზავრებოდა, რათა პატივი მიეგოთ 1940 წელს საბჭოთა უშიშროების სამსახურის მიერ სტალინის ბრძანებით დახოცილი ათასობით პოლონელის ხსოვნისთვის.  

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კაჩინსკის, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა ”იმ განსაკუთრებული გმირობისთვის, რომელიც მან გამოიჩინა საქართველოს ინტერესების დასაცავად.” განცხადებაში ასევე ნათქვამია კაჩინსკის როლის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც იგი, უკრაინის და ლიტვის პრეზიდენტებთან, და ასევე ლატვიის და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად მხარდაჭერის გამოსახატად თბილისში ჩამოვიდა.

”მე ახალგაზრდა პოლიტიკოსი ვიყავი, როდესაც პირველად შევხვდი მას და მას შემდეგ ჩვენ ახლო მეგობრები გავხდით და მე არასდროს დამიძახია მისთვის პრეზიდენტი, მე მას ლეხს ვეძახდი,” – განაცხადა სააკაშვილმა CNN-თან ინტერვიუში.

”თუ მომიწევდა დასახელება, თუ ვინ ითამაშა ყველაზე განსაკუთრებული როლი საქართველოს თავისუფლების, საქართველოს მომავლისთვის ბრძოლის თვალსაზრისით, ამ სიაში ძალიან მაღლა პრეზიდენტ კაჩინსკის დავაყენებდი. და ეს სულ არ არის გაზვიადება. ვფიქრობ, ჩემი თანამემამულეებიც ასევე ფიქრობენ. ჩვენ ვნახეთ მისი სიმამაცე, ჩვენ ვნახეთ მისი პირადი ერთგულება,” – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ”რაღაც დაუჯერებელ ბოროტებას აქვს ადგილი” პოლონეთის პრეზიდენტის ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით.

კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა ის ”ბოროტებაში”, სააკაშვილმა უპასუხა: ”მე ვგულისხმობ იმას თუ როგორ დაიღუპა ის. რა თქმა უნდა, ამაში არის გარკვეული სიმბოლიზმი. არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება”.

”საბოლოო ჯამში, მე მიმაჩნია, რომ ის, რასაც მან მიაღწია, ის მემკვიდრეობა, რომელსაც ის ტოვებს ემოციების, პოლიტიკის, ადამიანური ურთიერთობების, მისი გულის სითბოს თვალსაზრისით… ყველაფერს გაუძლებს და ეს იქნება ის, რაც თაობებს და თაობებს გაყვება,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მისი იდეალები გაიმარჯვებს, კეთილი ყოველთვის გაიმარჯვებს ბოროტებაზე,” – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)