უგულავა ადგილობრივ არჩევნებზე საუბრობს

  • უგულავა საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ანგარიშს აკრიტიკებს;
  • ”ყველაფერს ვაკეთებ სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად”;
  • თბილისის ამჟამინდელმა მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებში მისი კანდიდატურის შესახებ ”ოფიციალურ განცხადებას მომდევნო კვირების განმავლობაში” გააკეთებს

    მერობის კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 30 აპრილს იწურება.

    მმართველ პარტიას ჯერ საკუთარი კანდიდატურა არ დაუსახელებია. უგულავა ყოველთვის მიიჩნეოდა მმართველი პარტიის ერთადერთ კანდიდატად, თუმცა იმან რომ მისი კანდიდატურის დასახელება დღემდე არ მომხდარა წარმოშვა ვარაუდები რომ მმართველი პარტია შესაძლოა სხვა კანდიდატურებზეც ფიქრობდეს. 

    უგულავამ აღნიშნული განცხადება 12 აპრილს გამოქვეყნებულ ინგლისურენოვან, წერილობით განცხადებაში გააკეთა.

    განცხადება ადგილობრივი არჩევნების წინ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს ანგარიშის საპასუხოდ გაკეთდა. 

    ანგარიშში საუბარია არჩევნების წინ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და მათ შორის თბილისის მერიის დაფინანსების ”უპრეცედენტო ზრდის” შესახებ.

    ”მე მივესალმები ამ ჯგუფის, ისევე როგორც სხვა ჯგუფების მიერ [მერიის საქმიანობის] დეტალურ შესწავლას. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხების განხილვა ზუსტ ფაქტებს დაეფუძნოს,” – აცხადებს უგულავა.

    მისი თქმით, იმისათვის, რომ თბილისის მერის პირდაპირი წესით პირველი არჩევნებიდან სრული სარგებელი მიიღონ, მოსახლეობა ”დარწმუნებული უნდა იყოს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება”.  

    ”მე, როგორც თბილისის მერი, პირადად მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კამპანიამ და არჩევნებმა გახსნილობის და გამჭირვალობისა ახალი სტანდარტები დააწესოს,” – განაცხადა მან.

    განცხადება შეიცავს იმ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რომელიც უგულავას თქმით, საარჩევნოდ გამჭირვალობისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით ხელისუფლებამ პრეზიდენტ სააკაშვილის დაპირების ფარგლებში განახორციელა, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პოლიტიკურ არხად გარდაქმნასთან დაკავშირებით.

    ”ამ და სხვა ნაბიჯების მიუხედავად, ზოგიერთმა დამკვირვებელმა – საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს ბოლო ანგარიშის ჩათვლით – გააკრიტიკა ის გზა, რომლითაც ქალაქის ადმინისტრაცია თავის საქმეს აკეთებს და კონკრეტულ პროგრამებს ახორციელებს, და ჩათვალა, რომ ჩვენი ქმედებები არჩევნებით არის მოტივირებული,” – აცხადებს უგულავა, ”სამწუხაროდ, საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში ფაქტობრივ შეცდომებს შეიცავს”.

    შემდეგ, უგულავას განცხადებაში საუბარია ანგარიშში მოყვანილ რამოდენიმე პუქტზე. მათ შორის არის მოხსენების ის ნაწილი სადაც საუბარია მერიის გადაწყვეტილებაზე დაიმატოს 410 ახალი თანამშრომელი, რის გამოც მერიას სახელფასო ფონდის 5.5 მილიონი ლარით გაზრდა მოუწია. ანგარიშში მინიშნებაა გაკეთებული რომ ეს საბიუჯეტო თანხა იმ ხალხის ხელფასებს შეიძლება მოხმარდეს, რომლებიც რეალურად შესაძლოა მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. 

    თუმცა, უგულავამ განაცხადა, რომ ეს 410 ადამიანი ახალი თანამშრომელი არ არის, რადგანაც ისინი სხვადასხვა მუნიციპალურ სამსახურებში ადრეც მუშაობდნენ, ან დროებით საკონტრაქტო საფუძველზე იყვნენ დაქირაფებულები, მანამ სანამ მათ რესტრუქტურიზაციის პროცესი შეეხებოდათ, რის შემდეგაც მათი შტატში გაფორმება მოხდა. 

    ”კანონში ცვლილების შედეგად, ბევრი დაქირავებული [კონტრაქტორი] თანამშრომელი, რომლებიც წარსულში ქალაქისთვის მუშაობდნენ, ახლა შტატში არიან. საერთაშორისო გამჭირვალობა შეცდომით ასახელებს ამ პირებს, როგორც ახლად დაქირავებულებს,” – ნათქვამია უგულავას განცხადებაში.

    მან ასევე უარყო ის ბრალდება, რომ 10 ლარით მხოლოდ თბილისელი პენსიონერებისათვის პენსიების გაზრდა კანონის დარღვევა იყო. საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევა იყო, რადგან საპენსიო პოლიტიკა თვითმმართველობის კომპეტენცია არ არის. იქვე ნათქვამია, რომ პენსიის გაზრდა მხოლოდ თბილისელებისთვის, რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების მიმართ დისკრიმინაციულია.

    უგულავა აცხადებს, რომ თანხების ხარჯვა ხორციელდება კანონის ფარგლებში, რომლის მიხედვითად საარჩევნო წელს დაგეგმილი მუნიციპალური პროგრამები წინა წელს უნდა იქნას დამტკიცებული. ”ჩვენ ეს გავაკეთეთ,” – აცხადებს იგი, თან იქვე დასძენს, რომ სოციალური პროგრამები თბილისის საკრებულომ 2009 წელს განხილვების შედეგად დაამტკიცა. თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება დეკემბერის ბოლოს მოხდა. 

    ”უნდა შევწყვიტოთ პენსიების გაცემა, შევაჩეროთ ავტობუსების მომსახურება, ნაგვის გატანა და დავხუროთ საბავშვო ბაღები იმის გამო, რომ არჩევნები ახლოვდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ღონისძიებები პოპულარულია? ეს დემოკრატიის ძალიან უცნაური გაგება იქნებოდა,” – აცხადებს უგულავა. 

    ”საარჩევნო კამპანია ამ თვეს დაიწყო [არჩევნების ოფიციალური დანიშვნის შემდეგ] და მე ჩემი კანდიდატურის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მომდევნო კვირების განმავლობაში გავაკეთებ. ახლა კი მე აქცენტს იმაზე ვაკეთებ რომ თბილისი უკეთესი ქალაქი გახდეს… მე ასევე რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ რომ მაისის არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ამ ორ რამეს შორის მე ურთიერთსაპირისპიროს ვერაფერს ვხედავ”, – აცხადებს უგულავა.

    This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)