ობამა საქართველოს მხარდაჭერას ადასტურებს
თეთრი სახლის განცხადებას ახლავს ეს ფოტო შემდეგი წარწერით: ”პრეზიდენტი ბარაქ ობამა ესაუბრება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, 2010 წლის 13 აპრილი”. ფოტო: პიტ სოუზა, თეთრი სახლი. |
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა მიესალმა ”შესაძლებლობას შეხვედროდა” თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს 13 აპრილს ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დროს, განაცხადა თეთრმა სახლმა.
”პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მიესალმა მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისადმი პრეზიდენტ სააკაშვილის ერთგულებას,” – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ობამამ გამოხატა მადლიერება ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მიერ გაღებული ”მნიშვნელოვანი წვლილის” გამო; იქვე ნათქვამია, რომ პრეზიდენტებმა განიხილეს ბირთვული უსაფრთხოების საკითხებიც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)