გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გაჩეჩილაძემ შესაძლოა თბილისის მერად იყაროს კენჭი
გიორგი გაჩეჩილაძემ, მეტსახელად ”უცნობმა”, რომელმაც შარშანდელ ქუჩის საპროტესტო აქციებში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გადაცემა ”საკანი №5”-ის მეშვეობით, შესაძლოა თბილისის მერად იყაროს კენჭი.
”მოლაპარაკებებს ვაწარმოებ კოლეგებთან და ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე დღეში გავაკეთებ,” – განუცხადა მან საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” მოკლე კომენტარში 21 აპრილს.
მისმა ერთ-ერთმა ახლობელმა, თამაზ გამცემლიძემ დაადასტურა, რომ ეს საკითხი განიხილება, თუმცა იქვე დასძინა, რომ ”რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.”
კანონმდებლობის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატი 30 აპრილამდე უნდა წარადგინოს ადგილობრივი არჩევნებისათვის უკვე დარეგისტრირებულმა პარტიამ ან საარჩევნო ბლოკმა.
გიორგი გაჩეჩილაძე საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველოს ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის ძმაა. ბოლო თვეებში ძირითადად ლეგან გაჩეჩილაძე იყო მედიის ყურადღების ცენტრში, ვინაიდან არსებობდა სპეკულაციები ადგილობრივ არჩევნებში მისი მონაწილეობის გეგმებთან დაკავშირებით. თუმცა, გასულ კვირას ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ის თბილისის მერად კენჭისყრას არ აპირებს.
მის გადაწყვეტილებას რამოდენიმე ოპოზიციური მერობის კანდიდატი დადებითად შეხვდა. მიჩნეულია, რომ ბევრი ოპოზიციური კანდიდატის მონაწილეობას არჩევნებში ოპოზიციური ხმების გაყოფა მოყვება, რაც მმართველ პარტიას უფრო ხელსაყრელ პოზიციაში ჩააყენებს. არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, ვინც ხმების უმეტესობას, თუმცა არანაკლებ 30%-სა მოიპოვებს, ხოლო მეორე ტური მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 30%-იან ბარიერს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)