ცხინვალმა სამი ქართველი გაათავისუფლა

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ შარშან სექტემბერში ”სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევისთვის” დაპატიმრებულ სამი ქართველი 13 მაისს გაათავისუფლეს. 

”ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე მზად არის განაგრძოს მუშაობა დაკავებულთა გათავისუფლების და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების კუთხით,” – იტყობინება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მთავრობის ვებგვერდი სანაკოევის სიტყვებზე დაყრდნობით.

13 მაისს გათავისუფლებული სამივე ქართველი კასპის რაიონის სოფელ თვაურების მკვიდრია.

ცხინვალში 2 მაისს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან თომას ჰამერბერგთან მოლაპარაკებების შემდეგ სამხრეთ ოსურმა მხარემ სამი დაკავებული ქართველი გაათავისუფლა და კიდევ სამის გათავისუფლების პირობა დადო.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)