საქართველოს მიერ სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე ევროკავშირის ანგარიში

2009 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების განხორციელების კუთხით საქართველომ ”მთლიანობაში პროგრესს მიაღწია”, თუმცა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით გამოწვევები კვლავ რჩება, ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც 12 მაისს გამოქვეყნდა.

შუალედური ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებას მიმოიხილავს და ეხება როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ, სოციალურ, ვაჭრობის, ენერგეტიკის, გარემოსდაცვით და სხვა საკითხებს.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ პროგრესს მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის რეფორმირება, წვრილმანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ვაჭრობის ხელშეწყობა და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება.

”საჭიროა, რომ საქართველომ კვლავ განაგრძოს დემოკრატიული რეფორმები და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, განსაკუთრებით პოლიტიკური პლურალიზმის და მედიის თავისუფლების კუთხით,” – ნათქვამია ანგარიშში, ”სხვა ძირითად გამოწვევებს შორის არის სიღარიბის დაძლევა, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, სოფლის მეურნეობის განვითარება, მათ შორის სანიტარული და ფიტოსანიტარული საკითხები და საჯარო სამსახურის რეფორმა”.

ანგარიშის თანახმად, ”ჭეშმარიტ პოლიტიკურ რეფორმებს” დაბრკოლებას პოლიტიკური ცხოვრების ”პოლარიზაცია” უქმნის.

დოკუმენტის თანახმად, 30 მაისის ადგილობრივი არჩევნები იქნება ”მნიშვნელოვანი ინდიკატორი” იმის დასადგენად, თუ როგორ ასრულებს საქართველო საერთაშორისო რეკომენდაციებს; არჩევნები ასევე იქნება გამოცდა იმ ცვლილებებისა, რომელიც პარლამენტმა 2009 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში შეიტანა, – ნათქვამია ევროკავშირის მოხსენებაში.

ანგარიშში ჩამოთვლილია ის ძირითადი ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო კოდექსში შევიდა და იქვე აღნიშნულია, რომ შეტანილი ცვლილებები ”სათანადოდ არ აქცევს ყურადღებას საარჩევნო პერიოდის დროს ადმინისტრაციული რესურსების შესაძლო ბოროტად გამოყენების საკითხს.”

ოპოზიციის შარშანდელ ქუჩის აქციებთან დაკავშირებით ანგარიში აღნიშნავს, რომ ხელისუფლება არ ჩარეულა, რაც 2007 წლის ნოემბრის მსგავს მოვლენებთან შედარებით ”წინ გადადგმული ნაბიჯია”.

თუმცა, ანგარიშში ასევე საუბარია ოპოზიციის აქტივისტებზე თავდასხმების შემთხვევების შესახებ, ”რომლებიც ხელისუფლებამ არ გამოიძია დეტალურად და არც დამნაშავეები გამოუვლენია ან დაუსჯია”.

”დემონსტრაციების მსვლელობის დროს დააკავეს [ხელისუფლების] რამოდენიმე პოლიტიკური ოპონენტი, რომლებიც სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით გაასამართლეს. ყველა ამ სავარაუდო დანაშაულის და ბრალდების დეტალური გამოძიება იქნება მყარი ინდიკატორი იმისა რომ მოხდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ზრდა,” – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა ყურადღებით მოისმინა სახალხო დამცველის 2009 წლის ანგარიშები, ”სახალხო დამცველის ოფისის გავლენის რეალური მაჩვენებელი იქნება ის თუ როგორ შეასრულებენ ომბუდსმენის რეკომენდაციბს შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურები.”

ანგარიშის თანახმად, ციხეების გადატვირთულობა კვლავ პრობლემად რჩება. დოკუმენტში ასევე გაკრიტიკებულია 2009 წლის ივლისში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული სასჯელის ვადა 30-დან 90 დღემდე გაიზარდა.

ეს ცვლილება ”სრულად არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს,” ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება მედიას, ანგარიშში ნათქვამია, რომ მაუწყებლები ”ძირითად პრობლემატურ საკითხად”  რჩება.

”გავრცელებული ინფორმაციით, სატელევიზიო გარემო ძალიან პოლარიზებული და მიკერძოებულია,” – ნათქვამია დოკუმენტში. ანგარიში ასევე აღნიშნავს მაუწყებელთა მფლობელობასთან დაკავშირებით გამჭირვალობის ნაკლებობის პრობლემებს. ანგარიშის თანახმად, ტელეკომპანიებისთვის ქვეყნის მასშტაბით სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მიცემას ”მხოლოდ შეზღუდული გავლენა ჰქონდა, ვინაიდან სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მაღალი ღირებულება პრობლემას წარმოადგენს ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიებისთვის, რომელთა ძირითადი შემოსავლის წყარო რეკლამაა”.      

რაც შეეხება თბილისის სურვილს დაიწყოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, ანგარიში  აღნიშნავს, რომ 2009 წლის მეორე ნახევრიდან საქართველომ გამოავლინა ”მიზანდასახულობა, რათა შეასრულოს ევროკავშირის ძირითად რეკომენდაციები”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)