ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ აბულ გეითი 25 მაისს  საქართველოში ჩამოვიდა აზერბაიჯანში სტუმრობის შემდეგ. 

”ხაზი მინდა გავუსვა იმ მოფიქრებულ, აწონ-დაწონილ, დაბალანსებულ მიდგომას, რომელიც ეგვიპტის რესპუბლიკას აქვს სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში, განსაკუთრებით, რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ თავის ეგვიპტელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში მიზნად ისახავდა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და ”ორმხრივი ინტერესის მქონე რეგიონალურ და საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებზე კონსულტაციების” გამართვას, განაცხადა ეგვიპტის საგარეო უწყებამ.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 2010 წლის იანვარში ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა ეგვიპტეს.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი ნაწილი არაბეთის გაერთიანებული საამიროების შემდეგ ეგვიპტიდან მოდის – 167.5 მილიონი აშშ დოლარი 2009 წელს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)