ბაქრაძემ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მოსახლეობას 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

”მნიშვნელობა არ აქვს რომელ პოლიტიკურ პარტიას აირჩევთ, რომელ კანდიდატს აირჩევთ, მთავარია მობრძანდეთ არჩევნებზე,”- განაცხადა მან დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე, ”თქვენი მონაწილეობა ნიშნავს, რომ თქვენ მონაწილეობას იღებთ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში”. 

მისი შეფასებით, მიმდინარე საარჩევნო პროცესი წინა არჩევნებისგან ”მნიშვნელოვნად განსხვავდება” იმით, რომ ”ბევრად ნაკლებია პერსონალური შეტევები, ლანძღვა-გინება და ბრალდებები”. 

”ყველა კანდიდატის მხრიდან ჩვენ გვესმის კონკრეტული დაპირებები და საუბარი საქმეზე… მე ვთვლი, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველში პოლიტიკური კულტურის განვითარებაში,”- განაცხადა მან.

იმავდროულად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ”ტექნიკურად, ფინანსურად და ორგანიზაციულად” მზადაა არჩევნების ჩასატარებლად.

”მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე წინა არჩევნები,”- განუცხადა მან დღეს ჟურნალისტებს პარლამენტში, არჩევნებზე მომუშავე ინტერფრაქციულ ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)