მერაბიშვილი: არჩევნები მშვიდად ჩატარდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა არჩევნებამდე ორი დღით ადრე, რომ იგი დარწმუნებულია, რომ 30 მაისის ადგილობრივი არჩევნები მშვიდად ჩაივლის და მას რაიმე არეულობები არ მოყვება.

”დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო უბნებზე სიმშვიდე და წესრიგი იქნება და ამომრჩევლები შეძლებენ თავისუფლად მისცენ ხმა იმ პარტიას, რომელსაც ისინი ემხრობიან,” – განაცხადა მერაბიშვილმა რუსულ რადიოსადგურ ”ეხო მოსკვი”-სთან ინტერვიუში 28 მაისს.

მისი თქმით, ისინი, ვინც საქართველოში არჩევნების შემდეგ ყირგიზეთის მსგავს მოვლენებს წინასწარმეტყველებდნენ, ”ალბათ არ არიან ინფორმირებული” საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ.

”მე არ ვიცი სხვა ქვეყანა რეგიონში, სადაც სიტუაცია უფრო მშვიდია, ვიდრე საქართველოში,” – განაცხადა მერაბიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარება ”ისევ ისეთი დაძაბულია, როგორც ერთი წლის წინ იყო” და არანაირი გაუმჯობესება იქ არ შეინიშნება.

”იქ ბანდიტები და ოკუპანტები დგანან და მუდმივად ცდილობენ ისროლონ, სიტუაცია დაძაბონ, ქონება მოიპარონ,” – განაცხადა მერაბიშვილმა, ”გადაწყვეტილებებს იქ ბანდიტები და ოკუპანტები იღებენ, და მათ ერთადერთ მიზანს საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაცია წარმოადგენს… რუსეთმა საქართველოს ნაწილების ოკუპაცია მოახდინა და საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს განაგრძობს”.

კითხვაზე, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს რუსეთი საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობების კუთხით, მერაბიშვილმა უპასუხა: ”რამდენადაც შეუძლია… ფაქტია, რომ საქართველო ნომერ პირველი მტერია რუსეთის ხელისუფლებისთვის”.

ჟურნალისტის კითხვაზე ოპონენტების განცხადებებთან დაკავშირებით, რომ საქართველო ”პოლიციურ სახელმწიფოდ” გადაიქცა, მერაბიშვილმა უპასუხა, რომ ქართული პოლიციისადმი მოსახლეობის ნდობა 82%-ს შეადგენს.

”პოლიციის ეფექტურობა ძალიან მაღალია და ყველაფერი დანარჩენი… მხოლოდ ჩვენი მტრების პროპაგანდაა, რომელთაც საქართველოს დემოკრატიის შელახვა სურთ,” – განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ არ არსებობს არც ერთი შემთხვევა, რომელიც გაამყარებდა კრიტიკოსების განცხადებებს პოლიციური სახელმწიფოს შესახებ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)