სააკაშვილი ტელეფონით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა სატელეფონო საუბრისას დევიდ კამერონს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 29 მაისს.
”საუბრის დროს მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ის მძიმე დღეები, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში დევიდ კამერონი იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსთაგანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში ქვეყნის მხარდასაჭერად,” – განაცხადა მანჯგალაძემ.
დევიდ კამერონი თბილისს 2008 წლის 16 აგვისტოს ეწვია.
პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობას ”მისი [კამერონის] კაბინეტის წევრებთან ბევრი საერთო პრინციპი” აქვს.
”თავის მხრივ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტთან საუბრის დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და რუსეთის მხრიდან ოკუპაციის შესახებ ისაუბრა,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ კამერონმა ”გამოთქვა სურვილი უახლოეს პერიოდში ორმხრივი შეხვედრის ჩატარების თაობაზე”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)