ევროკავშირი რუსეთს საქართველოს მიმართ მეტი კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ განაცხადა 1 ივნისს დონის როსტოვში გამართული ევროკავშირი-რუსეთის სამიტის შემდეგ, რომ რუსეთი ”უფრო კონსტრუქციული” უნდა იყოს საქართველოს მიმართებაში არსებული ვალდებულებების შესრულების კუთხით.
”ევროკავშირს და რუსეთს საერთო ინტერესი აქვთ უსაფრთხოების, სტაბილურობის და კეთილდღეობის გაუმჯობესების კუთხით ჩვენს საერთო სამეზობლოში,” – განაცხადა მან რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
”ამ მხრივ, ჩვენი სურვილია, რომ რუსეთმა უფრო კონსტრუქციული როლი ითამაშოს, მათ შორის ადრინდელი ვალდებულებების შესრულების კუთხით, განსაკუთრებით კი საქართველოსთან მიმართებაში,” – დასძინა ჰერმან ვან რომპუიმ.
ვან რომპუიმ, რომლის თქმითაც რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება ”სერიოზულ შეშფოთებას” იწვევს, ასევე დასძინა, რომ მოსკოვი ევროკავშირის ”ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორია”. მისი თქმით: ”რუსეთთან ჩვენ გადატვირთვა არ გვჭირდება, ჩვენ სწრაფი წინსვლა გვესაჭიროება”.
რადიო ”თავისუფლება” იტყობინებოდა 31 მაისს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კეტრინ ეშტონი სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების პოსტების გაუქმების წინადადებით გამოვიდა.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, შვედი დიპლომატი პიტერ სემნებია, რომელიც ამ პოსტზე 2006 წლის თებერვალში დაინიშნა.
2010 წლის თებერვალში ევროკავშირის საბჭომ სემნების მანდატი 2010 წლის 31 აგვისტომდე გაუგრძელა. თუმცა, ასევე გადაწყვიტა, რომ მანდატი შესაძლოა უფრო ადრეც შეწყდეს კეტრინ ეშტონის რეკომენდაციით მას შემდეგ, რაც ძალაში შევა გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ჩამოყალიბების შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ თბილისს ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, რომელიც საკმაოდ დიდ დროს ატარებს რეგიონში.
”ჩვენ ძალიან დადებითად და ნაყოფიერად ვაფასებთ პიტერ სემნების და მისი წარმომადგენლობის მიერ გაწეულ მუშაობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით და იმედი გვაქვს, რომ ეს საქმიანობა გაგრძელდება,” – განუცხადა ბოკერიამ Civil.Ge-ს 1 ივნისს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)