ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა იგეგმება თავდაცვის მინისტრების დონეზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ბრიუსელს ეწვევა და 11 ივნისს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
”ეჭვიც არ მეპარება, რომ ის [საქართველოს თავდაცვის მინისტრი] მოისმენს ყველა მინისტრისგან, რომ ნატოს კარი კვლავაც ღიაა საქართველოსთვის, ასევე მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩვენს განზრახვას განვაგრძოთ ჩვენი თანამშრომლობა და ჩვენი პარტნიორობა,” – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 7 ივნისს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
”საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი და ნატო განაგრძობს ამ მიმართულებით [საქართველოს] დახმარებას,” – დასძინა მან.
რასმუსენმა ასევე განაცხადა, რომ ალიანსი ყურადღებით ადევნებდა თვალს 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მან არა ერთხელ მკაფიოდ განუცხადა, რომ ”წარმატებული ადგილობრივი არჩევნები ნატო-საქრთველოს კომისიის ფარგლებში თანამშრომლობის პროგრესისთვის უმთავრესი იქნებოდა”.
”ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ადგილობრივი არჩევნები წარმატებულად ჩატარდა და რა თქმა უნდა, ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯია. ასევე მინდა განვაცხადო, რომ მე ველოდი წარმატებულ ადგილობრივ არჩევნებს, რადგანაც ეს თავისთავად მიმაჩნდა, რომ [საქართველოს] პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს დემოკრატიული რეფორმები; ჯერ კარგად მიდის საქმე. ეს დადებითად იქნება აღნიშნული, როდესაც ჩვენ საქართველოს თავდაცვის მინისტრს შევხვდებით,” – განაცხადა რასმუსენმა.
იმავე დღეს ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ნატო-უკრაინის კომისიის სხდომაც იგეგმება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)