იაკობაშვილი ყირგიზეთში „უზბეკების ეთნიკურ წმენდაზე“ საუბრობს
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის მიერ ინსპირირებული უზბეკების „ეთნიკური წმენდა“ უწოდა.
14 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხვა საკითხების განხილვასთან ერთად, მან ასევე გამოხატა თავისი მოსაზრებები რუსეთის ქმედებებზე.
„ჩვენ ხაზგასმით ავღნიშნეთ, რომ ცხინვალში განხორციელებული ეთნიკური წმენდის გაგრძელებაა ის, რაც დღეს ხდება ყირგიზეთში – უზბეკების ეთნიკური წმენდა,“ – განაცხადა იაკობაშვილმა. „მე ვფიქრობ, როდესაც რუსეთს ერთ ადგილას მიუშვებენ ამის საკეთებლად, ის იგივეს გაიმეორებს სხვა ადგილებშიც. ამიტომ, დროა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა შესაბამისი რეაგირება მოახდინონ საქართველოში ეთნიკურ წმენდაზე“.
გავრცელებული ინფორმაციით, ყირგიზეთის ქალაქ ოშში რამოდენიმე დღიანი შეტაკებების შედეგად 100–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ძალადობის შედეგად ათიათასობით ადამიანი, ძირითადად ეთნიკური უზბეკები და ასევე დიდი რაოდენობით ტაჯიკები, უზბეკეთის საზღვარს მიაწყდა.
იაკობაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მან მევლუთ ჩავუშოღლუსთან ასევე განიხილა საქართველოს მთავრობის სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ჩართულობა თანამშრომლობის გზით. მისი თქმით: მთავრობა ორ კვირაში დაასრულებს მუშაობას სამოქმედო გეგმაზე – დოკუმენტზე, რომელიც კონკრეტულ ნაბიჯებს და წინადადებებს შეიცავს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს სტრატეგიის განხორციელება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)