საარჩევნო კამპანიის ხარჯები
იმ ხუთი პარტიის და ბლოკის საარჩევნო კამპანიისას გამოყენებული სახსრების მთლიანმა მოცულობამ, რომლებმაც თბილისში 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების დროს 5%–იანი ბარიერი გადალახეს, 16 მილიონ ლარამდე შეადგინა.
ამ მთლიანი დანახარჯების 90%-მდე მმართველ პარტიაზე მოდის.
პოლიტიკური პარტიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საარჩევნო ფონდების ხარჯთაღრიცხვების თანახმად, ყველაზე ცოტა დანახარჯი, 136 600 ლარი ალიანსი საქართველოსთვის საარჩევნო ბლოკს ქონდა.
კანონის თანახმად, პარტიას ერთი ფიზიკური პირისგან 30 000 ლარზე მეტის, ხოლო იურიდიული პირისგან 100 000 ლარზე მეტი ფულადი შემოწირულობის მიღება არ შეუძლია. ფინანსური დოკუმენტაცია იმ პირებისა და კომპანიების ჩამონათვალსაც შეიცავს, ვინც პარტიებს, თუ საარჩევნო ბლოკებს დაეხმარა.
პარტიების საარჩევნო კამპანიის ხარჯები არა მხოლოდ ფულად შემოწირულობას ასახავს, არამედ იმ არაფულადი შემოწირულობების საბაზრო ღირებულებას, რომელიც დამფინანსებლებმა გაიღეს სხვადასხვა მომსახურეობის გაწევით, მაგალითად საოფისე ფართის უსასყიდლოდ დათმობით, ან სააგიტაციო მასალის უფასოდ დაბეჭვდით.
ნაციონალური მოძრაობა
ნაციონალური მოძრაობის ფინანსური დოკუმენტაციის თანახმად, პარტიამ 8 აპრილიდან 7 ივნისის ჩათვლით 14 მილიონი ლარი დახარჯა.
ამ თანხის უდიდესი ნაწილი – 10,13 მილიონი ლარი – სატელევიზიო რეკლამებზე დაიხარჯა. თანხაში ასევე შედის რეკლამის დამზადების ხარჯები.
მმართველმა პარტიამ რეკლამებისთვის ტელეკომპანია „იმედის“ სარეკლამო გაყიდვების განყოფილებას Touch Media-ს 4,75 მილიონი ლარი გადაუხადა; „რუსთავის 2“-ს – 4,71 მილიონი ლარი და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს – 499 915 ლარი.
730 230 ლარი კამპანიის ფარგლებში გამართულ მასობრივ აქციებზე დაიხარჯა, მაგალითად ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის დარბაზების დაქირავებაზე, კონცერტებსა და სხვა ღონისძიებებზე.
სააგიტაციო მასალების ბეჭვდაზე ნაციონალურმა მოძრაობამ 629 970 ლარი დახარჯა; 609 600 ლარი – შრომით ანაზღაურებაზე; 493 800 ლარი – ბეჭდურ მედიაში რეკლამების განთავსებაზე და ბილბორდებზე.
მმართველმა პარტიამ სულ 351 500 ლარი დახარჯა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაზე და საკონსულტაციო მომსახურებაზე. კერძოდ, ნაციონალურმა მოძრაობამ 20 000 ლარი და 18 600 ლარი გადაუხადა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ქართულ კომპანიებს ACT–ს და IPM–ს, შესაბამისად.
312 888 ლარი დაუჯდა მმართველ პარტიას ამერიკული კომპანია Greenberg Quinlan Rosner-ის მომსახურეობა, რომელიც პირველად მმართველმა პარტიამ 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დაიქირივა.
ფინანსური დოკუმენტაციის თანახმად, მმართველი პარტიის დაფინანსების, დაახლოებით, 92% თავად პარტიის ფონდიდან იქნა უზრუნველყოფილი; დანარჩენი თანხები ცხრა კომპანიამ გაიღო, რომელთა უმეტესობაც გზების მშენებლობის ბიზნესშია დაკავებული.
ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა
ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის კამპანიის ხარჯებმა 683 500 ლარი შეადგინა, იმ 400 000 ლარის ჩათვლით, რომელიც ოთხმა კომპანიამ დახარჯა პარტიის პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის შესაძენად ტელეკომპანია „იმედის“ და „რუსთავი 2“–ის ეთერში; თითოეულმა ამ არხმა 200 000 ლარი მიიღო. ამ მიზნით ოთხი კომპანიიდან თითოეულმა კომპანიამ 100 000 ლარი დახარჯა.
ეს კომპანიებია: მილერი და კომპანია, თბილისის გარეუბანში მდებარე ტანსაცმლის სამკერვალო, რომელიც ძირითადად სხვადასხვა სპეცტანსაცმელს კერავს; შპს MG თბილისი, სამშენებლო კომპანია, რომელიც რამდენჯერმე სახელმწიფო კონტრაქტორი იყო, მათ შორის შარშან სექტემბერში ისანი–სამგორის რაიონის გამგეობის შენობის სამშენებლო სამუშაოებში; Eleco Ltd, ელექტრომოწყობილობების მომმარაგებელი კომპანია და თბილისში მდებარე უსაფრთხოების სისტემების მომწოდებელი კომპანია GSC.
ქრისტიან–დემოკრატებმა 102 500 ლარი დახარჯეს რეკლამაზე ბეჭდურ მედიაში და ბილბორდებზე; 71 370 ლარი – ბეჭვდურ მასალაზე და ბუკლეტებზე და 21 750 ლარი –შენობის დაქირავებაზე.
მრეწველთა პარტია
მრეწველთა პარტიამ 208 000 ლარი დახარჯა. თუმცა, ეს თანხა არ შეიცავს იმ არაფულად შემოწირულობებს, საერთო რაოდენობით 750 000 ლარი, რომელიც ცხრა კომპანიამ გაიღო, რომლებმაც მრეწველებისთვის პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დრო იყიდეს „რუსთავი 2“–ზე და „იმედზე“.
ცესკო–სთვის თავდაპირველად წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტაციაში, რომელიც ცესკო–ს ვებგვერდზეც იყო გამოქვეყნებული, მრეწველებს მითითებული ქონდათ, რომ ეს 750 000 ლარის ღირებულების საეთერო დრო „რუსთავი 2“–ის და „იმედის“ მხრიდან შემოწირულობა იყო. თუმცა, მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია Civil.Ge-ზე გამოქვეყნდა, მრეწველთა პარტია დაუკავშირდა Civil.Ge-ს და განუცხადა, რომ ამ ნაწილში ფინანსური დოკუმენტაციის შედგენისას „შეცდომა“ მოუვიდათ. „რუსთავი 2“–მაც უარყო, რომ რამე სახით დახმარება გაუწია მრეწველების საარჩევნო კამპანიას. ამის შემდეგ, დაახლოებით 14:30 სთ-ზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მრეწველთა მიერ თავდაპირველად წარდგენილი ანგარიში ვებ-გვერდიდან მოხსნა და ის ახლით შეცვალა, სადაც მითითებულია, რომ „რუსთავი 2“–ზე და „იმედზე“ რეკლამის დრო პარტიისთვის ცხრა კომპანიამ შეიძინა. თითოეულ ტელეკომპანიაში 375 000 ლარის ღირებულების რეკლამა იქნა შეძენილი.
თბილისში მდებარე უსაფრთხოების კომპანიამ Va Maragva-მ მრეწველთა პარტიას 99,930 ლარი შესწირა.
ალიანსი საქართველოსთვის
ალიანსი საქართველოსთვის საარჩევნო კამპანიის ხარჯებმა 136 600 ლარი შეადგინა. პარტიის ფინანსური დოკუმენტაციის თანახმად, ალიანსმა სულ 104 570 ლარი მოაგროვა, რასაც ემატება დაახლოებით 42 800 ლარის ღირებულების არაფულადი შემოწირულობა.
ალიანსმა ეს თანხები ძირითადად 90 პირისგან შეაგროვა; 8 500 ლარი და 3 500 ლარი რესპუბლიკელებმა და ახალმა მემარჯვენეებმა გადარიცხეს, შესაბამისად.
ალიანსმა თავისი სახსრების უმეტესობა ბეჭდურ მასალაზე, მათ შორის ბანერებზე და ფლაერებზე დახარჯა – 79 112 ლარი.
37 700 ლარი სატელევიზიო რეკლამებზე დაიხარჯა (რეკლამის დამზადების ხარჯების ჩათვლით). ალიანსმა 25 808 ლარის ღირებულების საეთერო დრო ტელეკომპანია „კავკასიაზე“ იყიდა, სადაც პოლიტიკური რეკლამის ფასები ბევრად დაბალი იყო ნაციონალურ არხებთან შედარებით.
ბლოკმა 12 000 ლარი დახარჯა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაზე; ალიანსმა ამ მიზნით თბილისში მდებარე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი დაიქირავა.
5 000 ლარამდე დაიხარჯა რეკლამაზე ბეჭდურ მედიაში და ბილბორდებზე; 780 ლარი შეხვედრების ფართის დასაქირავებლად გამოიყო.
ეროვნული საბჭო
ეროვნული საბჭოს ფინანსური დოკუმენტაციის თანახმად, მათი კამპანიის ხარჯებმა 260 200 ლარი შეადგინა.
ეროვნული საბჭოს კამპანიის დაფინანსებაში მთავარი წვლილი ზურაბ ნოღაიდელმა შეიტანა, მათ შორის არაფულადი კონტრიბუციის გზითაც, რაც ძირითადად ქვეყნის მასშტაბით საოფისე ფართების უზრუნველყოფაში გამოიხატა.
ეროვნულმა საბჭომ 148 000 ლარი დახარჯა ბეჭდურ მასალაზე და 8 800 ლარი სატელევიზიო რეკლამებზე (რეკლამის დამზადების ღირებულების ჩათვლით).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)