ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს სტუმრობს
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტურბიორნ იაგლანდმა, რომელიც ამ პოსტს 2009 წლის ოქტომბრიდან იკავებს, 2 ივლისს საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო.
მას თან ახლავს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო მილოშოსკი.
"ვიზიტის მიზანია განვიხილოთ ევროპის საბჭოს უფრო ფართო შესაძლებლობები 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით,“ – განაცხადა ევროპის საბჭომ პრეს–რელიზში.
ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისი იმედოვნებს, რომ "კონსულტაციები [ტურბიორნ იაგლანდთან] ნათელს მოჰფენს გენერალური მდივნის ანგარიშგების სისტემასთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებს".
განცხადებაში დეტალები დაკონკრეტებული არ არის, თუმცა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ არსებობს იმის ნიშნები, რომ გენერალური მდივანი ცდილობს ნაკლები ყურადღება დაუთმოს რუსეთის მხრიდან ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხს იმის ხარჯზე, რომ მოახდინოს ორგანიზაციასა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება.
2009 წლის თებერვლიდან მოყოლებული, ევროპის საბჭოს მაშინდელი გენერალური მდივანი ტერი დევისი, ორგანიზაციის გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს – მინისტრთა კომიტეტის დავალებით, ყოველ სამ თვეში ერთხელ კომიტეტს აწვდიდა ანგარიშს აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების და საქართველოს და რუსეთის მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმავე წყაროს ცნობით, ტერი დევისის ამ შიდა ანგარიშებისადმი, რომელიც საჯარო არ არის, თბილისს პრეტენზიები არ ქონია.
თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა ახალი გენერალური მდივნის არჩევის შემდეგ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ტურბიორნ იაგლანდმა ანგარიში კომიტეტს მაისის დასაწყისში, დაგვიანებით წარუდგინა; იმავე წყაროს ცნობით, ანგარიშში, მართალია იყო საუბარი რუსეთის მიერ ნაკისრი რამოდენიმე შეუსრულებელი ვალდებულების შესახებ, მაგრამ გამოტოვებული იყო ის ვალდებულება, რომელიც რუსეთმა 1996 წელს, ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას იკისრა და რომელიც მოიცავს რუსეთის მხრიდან ე.წ. ”ახლო საზღვარგარეთის“ პრინციპზე უარის თქმას – ტერმინში იგულისხმება რუსეთის ახლო სამეზობლო, რომელსაც მოსკოვი თავისი განსაკუთრებული ინტერესის და გავლენის სფეროდ მიიჩნევს.
ხელისუფლების იმავე წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვიზიტის დროს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შესაძლოა შეეცადოს თბილისი დაითანხმოს აგვისტოს ომის შემდეგ გენერალური მდივნის მინისტრთა კომიტეტისადმი დაწყებულ ანგარიშგების მექანიზმის შეწყვეტაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან 2 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ გამოიყენება ევროპის საბჭოს ხელთ არსებული მონიტორინგის ყველა მექანიზმი.
"ყველა ვალდებულება ძალაშია და ჩვენ განვიხილავთ მათ და ყველა მექანიზმს ვიყენებთ, რომელიც გაგვაჩნია, რათა ვაიძულოთ რუსეთის ფედერაცია შეასრულოს და განახორციელოს ეს ვალდებულებები,“ – განაცხადა ტურბიორნ იაგლანდმა.
თბილისი ასევე უკმაყოფილოა, რომ ტურბიორნ იაგლანდი თბილისში ”დაგვიანებით ჩამოდის” და რომ ეს ვიზიტი არ შედგა მალევე მას შემდეგ, რაც ის 2009 წლის დეკემბრის ბოლოს მოსკოვს ესტუმრა. "ეს ასევე ცუდი სიგნალია,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომლის თქმითაც, თბილისში დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს ქართული მხარე მკაფიოდ გამოხატავს თავის პოზიციას, რომ ახალი გენერალური მდივნის მცდელობები რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების კუთხით არ უნდა მოხდეს "ღირებულებების და პრინციპების” ხარჯზე.
საქართველოს საგარეო უწყებამ ასევე აღნიშნა განცხადებაში, რომ "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კმაყოფილებას გამოხატავს ევროპის საბჭოს სურვილის გამო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის – "სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით" – განხორციელებაში და მზად არის განიხილოს ევროპის საბჭოს კონკრეტული ქმედებები ამ მიმართულებით“.
ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ ტურბიორნ იაგლანდმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭო მიესალმება საქართველოს სტრატეგიას, როგორ "შორსმჭვრეტელურ მიდგომას,“ თუმცა იქვე დასძინა, რომ ევროპის საბჭო "ვერ იქნება ნაწილი“ სამოქმედო გეგმისა – საქართველოს მთავრობის დოკუმენტისა, რომელიც სტრატეგის განსახორციელებლად კონკრეტულ ნაბიჯებს განსაზღვრავს. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს "შეუძლია დაეხმაროს სამოქმედო გეგმაში ასახული რამოდენიმე წინადადების განხორციელებაში“.
მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო მილოშოსკიმ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, "ჩვენ საქართველოს საკითხს კვლავაც ჯეროვან ყურადღებას დავუთმობთ“.
"ჩვენ მოგვიწევს პრაგმატიზმის გამოვლენა და ერთმანეთის დახმარება ჩვენი საერთო მიზნის მისაღწევად. ამ თვალსაზრისით, მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს და პროაქტიულ დამოკიდებულებას იმ საკითხების მიმართ, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს მიღმა არსებულ რეგიონებს უკავშირდება,“ – განაცხადა მან ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ.
იაგლანდმა ასევე განაცხადა, რომ ევროპის საბჭო "მოხარულია იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება ასრულებს თავის ვალდებულებებს,“ რომლებიც 1999 წელს ორგანიზაციაში გაწევრიანებისას იკისრა. "თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული სამუშაო კვლავ რჩება,"– აღნიშნა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)