გაზსადენის საკონტროლო პაკეტის გაყიდვას არ ვაპირებთ – გილაური

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ "კატეგორიულად“ არ ეთანხმება გაზსადენის საკონტროლო პაკეტის გაყიდვას, მაგრამ არ გამორიცხა აქციათა ნაწილის გასხვისება ორი წლის შემდეგ. 

“ჩვენ არანაირი მიზანი, პროგრამა არ გვაქვს მილსადენის, გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება,“– განაცხადა მან პარლამენტში გამოსვლისას, "ეს არის გარკვეული აქტივი, რომელსაც სახელმწიფოს გააკონტროლებს უახლოესი მომავლის და უშორესი მომავლის განმავლობაში“.

“არ გამოვრიცხავ, რომ ლონდონის ბირჟაზე 5–10%–ის აქციების გაყიდვა მოხდეს 4, 3 ან 5 წლის შემდეგ, თუმცა არა ახლა, ან ვთქვათ 2 წლის შემდეგ,“– განაგრძო მან, „კონტროლი, რაც შეეხება 51%–ს, ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები რომ ასეთი რამე მოხდეს ოდესმე“.

გილაურმა, რომელიც პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით იმყოფებოდა, ამ საკითხზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც დეპუტატმა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიიდან, გურამ ჩახვაძემ ჰკითხა მას განიხილავდა თუ არა მთავრობა გაზსადენის გაყიდვის შესაძლებლობას.

ამ თემაზე, 2005–2006 წლებში მწვავე დებატების დახურვის შემდეგ, მსჯელობა კვლავ განახლდა მიმდინარე კვირაში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა პარლამენტში მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც მილსადენების ამოღებას ითვალისწინებს იმ ქონებათა ნუსხიდან, რომელთა გაყიდვასაც კანონი უკრძალავს ხელისუფლებას. ამდენად, შესაძლოა პრივატიზებას დაექვემდებაროს რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს ნაწილი, რომელსაც აშშ–ის მთავრობის დახმარებით ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, საკითხის ერთ–ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა იმ "მარტივი პრინციპით“ ახსნა, რომ "ნებისმიერ საწარმოს გაცილებით უკეთ მართავს კერძო სექტორი, ვიდრე სახელმწიფო“.

გილაურმა ასევე ისაუბრა კერძო კომპანია "თბილავიამშენის“ თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში გადასვლის ფაქტთან დაკავშირებითაც.

“ქარხანას – გარკვეულწილად იყო, ფინანსური კრიზისი – ჰქონდა პრობლემები. ყველაზე დიდი დაკვეთა მას ჰქონდა სწორედ თავდაცვის სამინისტროსგან. ის, რომ ფინანსურად გაჯანსაღებულიყო, თვითონ "თბილავიამშენმა“ გადაწყვიტა, რომ ეს კოოპერაცია უკეთესი იქნებოდა ფინანსურად კომპანიის გადარჩენისათვის,“– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 1 ივლისს, რომ "თბილავიამშენი“, რომლის კერძო საკუთრებაში 67 მლნ აშშ დოლარად გაყიდვის პროცედურა 2005 წელს დასრულდა, სამინისტროს მფლობელობაში ქარხნის ხელმძღვანელობის ინიციატივით გადადის "სამხედრო სარემონტო–სამრეწველო კომპლექსის“ ჩამოყალიბების მიზნით. 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)