ჰილარი კლინტონი თბილისს სტუმრობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 5 ივლისს თბილისში ჩამოვიდა, რითაც აღმოსავლეთ ევროპულ ტურნეს საქართველოში დაასრულებს. 

მას აეროპორტში ქართველი კოლეგა გრიგოლ ვაშაძე დახვდა.  

პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრამდე, კლინტონი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქალ ლიდერებთან შეხვედრისას საჯარო სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს უპასუხებს. შეხვედრის მონაწილეთა შორის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების გარდა, რამოდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც იქნება, მათ შორის რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი; ნესტან კირთაძე ლეიბორისტული პარტიიდან; მანანა ნაჭყებია და ფიქრია ჩიხრაძე ახალი მემარჯვენეებიდან და ნათელა მაჭავარიანი პარტია საქართველოს გზიდან. დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე ასევე იყო მიწვეული, თუმცა მან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ შეხვედრის ფორმატი არ მისცემდა მას საშუალებას შესაბამისად გამოეხატა თავისი შეხედულებები. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილ შეხვედრას მისი პარტიის წარმომადგენელი მანანა სალუქვაძე დაესწრება.  

ვიზიტისას კლინტონი ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერს შეხვდება, მათ შორის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს და ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების ლიდერს ირაკლი ალასანიას.
 
3 ივლისს კრაკოვში გამოსვლისას კლინტონმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა ”დემოკრატიის პროგრესის გზაზე ჩვენი მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია”.
 
”ეს სახელმძღვანელო პრინციპია ყველა შეხვედრაზე, რომელსაც მე ვმართავ და ყველა ქვეყანაში, რომელსაც მე ვსტუმრობ,” – განაცხადა მან.
 
3 ივლისს კრაკოვში თავის პოლონელ კოლეგასთან რადოსლავ სიკორსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი ”სისტემატიურად ეწინააღმდეგება რუსული ძალების მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას.” მისი თქმით, აშშ კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საფუძველზე მოგვარების მომხრეა.

”ამას აუცილებლად განვიხილავ საქართველოს ხელისუფლებასთან. ჩვენ ამ საკითხებს მუდმივად ვაყენებთ რუსეთთან და აშკარაა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი ვერ ვიხილეთ ჟენევის პროცესში, რომელიც დამკვირვებელთა და სამშვიდობო მისიების ჩამოყალიბების, ასევე საზღვრის უსაფრთხოების მიზნით დაიწყო როგორც რუსეთის ოკუპაციის დასრულებისკენ მიმავალ გზაზე დროებითი მექანიზმი”.
 
”ეს საკითხი ჩემს დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, როდესაც საქართველოში ჩავალ,” – დასძინა მან.
 
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ვარშავის ”ძლიერი მხარდაჭერის” შესახებ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ”გაყინული კონფლიქტები” აუცილებლად უნდა მოგვარდეს, რადგანაც უკვე ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასეთი კონფლიქტები ცხელ ფაზაში გადასულან.
 
რადოსლავ სიკორსკიმ ასევე განაცხადა, რომ ეს საკითხი 23 ივნისს პარიზში ”ვეიმარის სამეულის” – პოლონეთი, საფრანგეთი, გერმანია – საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილეს, რომელზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც, იყო მიწვეული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)