ბაღაფში ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს

  • "აფხაზეთი ოკუპირებული არ არის“;
  • "საქართველოს რევანშისტულ მისწრაფებებზე უარი ჯერ არ უთქვამს“.

ჟენევის დისკუსიები მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს, რომლითან სოხუმს შეუძლია პირდაპირი კონტაქტები იქონიოს დასავლეთთან, თუმცა აფხაზურ მხარეს "პაუზის აღება“ მოუწია და დროებით წყვეტს მონაწილეობას მოლაპარაკებებში, განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 7 ივლისს.

სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას ბაღაფშმა განაცხადა, რომ სოხუმმა იმიტომ შეწყვიტა ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობა, რომ მონაწილეები ძალის არ გამოყენების შეთანხმებაზე ჩიხში შევიდნენ.

„[ამგვარი ხელშეკრულება] მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს მიერ კონფლიქტის განახლების საფრთხის მოხსნას,“ – იტყობინება "აფსნიპრესი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით, "თუმცა ქართული მხარე თავს არიდებს ამგვარი დოკუმენტის განხილვას და აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ძალების გაყვანას და საერთაშორისო ძალების განთავსებას მოითხოვს, რაც, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოებისთვის.“

მან ასევე დაადანაშაულა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები – ევროკავშირი, ეუთო და გაერო – თბილისის მხარდაჭერისთვის.

"ასე რომ, არ ვაპირებთ მონაწილეობას, სანამ ეს სიტუაცია არ შეიცვლება,“ – განაცხადა ბაღაფშმა.

თუმცა, იგი ამავე დროს მიესალმა ჟენევის მოლაპარაკებებს, როგორც ერთადერთ მექანიზმს იმისათვის, რომ სოხუმს პირდაპირი კავშირები ჰქონდეს აშშ–სთან, ჟენევის მოლაპარაკებების ერთ–ერთ მონაწილესთან.

"აფხაზეთს [კომუნიკაციის] სხვა არხი არ გააჩნია,“ – განაცხადა ბაღაფშმა, "სწორედ ამიტომ ავიღეთ პაუზა, რათა შუამავლებს კონკრეტული, კარგად მოფიქრებული წინადადებების მომზადების შესაძლებლობა მივცეთ“.

როდესაც ივნისში სოხუმმა განაცხადა, რომ დროებით ტოვებს ჟენევის მოლაპარაკებებს, თბილისმა განაცხადა, რომ ეს იყო ფაქტიურად რუსეთის მცდელობა ძირი გამოუთხაროს ჟენევის პროცესს სოხუმში არსებული მისი "მარიონეტული რეჟიმის“ ხელით.

თბილისში 5 ივლისს გამართული ვიზიტის დროს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოუწოდა აფხაზურ მხარეს „კონსტრუქციულად ითანამშრომლონ“ ჟენევის მოლაპარაკებებში.

კლინტონის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის "ოკუპაცია“, სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ "რუსული ძალები აფხაზეთის ოკუპაციას არ ახდენენ“.

"რუსული ძალები აქ [სოხუმსა და მოსკოვს შორის] სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების საფუძველზე არიან განთავსებულნი, რათა რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა უზრუნველყონ,“ – განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ აფხაზეთის პარლამენტმა და საზოგადოებამ "რეაგირება უნდა მოახდინონ“ კლინტონის ამგვარ განცხადებებზე.

მან ასევე განაცხადა, რომ მართალია აფხაზეთი უფრო უსაფრთხო გახდა აგვისტოს ომის შემდეგ, უსაფრთხოების საკითხი კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც "საქართველოს ჯერ არ უთქვამს უარი თავისი რევანშისტულ მისწრაფებებზე“.

ბაღაფშმა განაცხადა, რომ სოხუმის საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ პრიორიტეტს თურქეთში, სირიასა და დასავლეთ ევროპაში აფხაზურ დიასპორებთან ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის დამყარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თურქეთის აფხაზურ დიასპორასთან ურთიერთობებს და მათ პოტენციურ დაბრუნებას აფხაზეთში.

თურქეთის აფხაზურ დიასპორასთან დიალოგის შესაძლებლობას თბილისიც განიხილავს. ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგია აფხაზურ დიასპორასთან ამგვარი დიალოგის ინიციატივით გამოდის. ათობით ათასი მუსულმანი აფხაზი გადასახლდა ოსმალეთის იმპერიაში კავკასიის მუსულმანთა იმ ერთიანი მიგრაციის პროცესის ფარგლებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-19 საუკუნეში.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)