ევროკავშირი “ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმას“ მიესალმება

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი, კეტრინ ეშტონი მიესალმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტრატეგიის სამოქმედო გეგმას და მას "ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა.

"მოსახლეობასთან დაახლოება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების წინაპირობაა,“ – განაცხადა ეშტონმა 8 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ 3 ივლისს დაამტკიცა "ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა“ – დოკუმენტი, რომლითაც ასახავს იმ კონკრეტულ ზომებს, რომლითაც თბილისი გეგმავს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სტრატეგიის განხორციელებას.

"ევროკავშირის არ აღიარების და ჩართულობის პოლიტიკის შესაბამისად [ევროკავშირი] მზად არის დაეხმაროს [საქართველოს] ამ მცდელობებს; [ევროკავშირი] სრულად უჭერს მხარს იმ მიდგომას, რომელიც ნდობის აღდგენას და ხალხთა შორის კონტაქტებს, ასევე თავისუფალ გადაადგილებას ეფუძნება,“ – განაცხადა ეშტონმა.

მისი თქმით სამოქმედო გეგმამ ხელი უნდა შეუწყოს მოქნილი გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც დაეხმარება საერთაშორისო ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციების კონფლიქტურ რეგიონებში მუშაობას.

"ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოების და სტაბილურობის მიმართ, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული პატივისცემის საფუძველზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.

იმავდროულად, 8 ივლისს ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ განუცხადა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს ვენაში, რომ "აშკარა საჭიროება“ არსებობს იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ განაგრძოს ჩართულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. 

მან განაცხადა, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარება ევროკავშირის პრიორიტეტი რჩება და აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტები "მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან რეგიონის სტაბილურობას, ვინაიდან სტატუს კვო ესკალაციის საფრთხეს შეიცავს“. სემნებიმ ასევე განაცხადა, რომ “განსაკუთრებული შეშფოთების“ საგანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარმოადგენს.

"გაჭიანურებული კონფლიქტები ხელს უშლის ევროკავშირის მცდელობებს ხელი შეუწყოს პოლიტიკურ რეფორმებს და ეკონომიკურ განვითარებას მის აღმოსავლეთ სამეზობლოში,“ – განაცხადა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)