მოსკოვი კლინტონს ტერმინ “ოკუპაციის“ გამოყენების გამო აკრიტიკებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრიტიკებს აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს იმის გამო, რომ მან 5 ივლისს თბილისში სტუმრობისას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობა შეაფასა, როგორც რუსული ოკუპაცია; და იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკელი პარტნიორები მოსკოვის ამ განწყობას გაითვალისწინებენ მომავალში.
“საერთაშორისო სამართალში ოკუპაცია ეწოდება ერთი სახელმწიფოს ჯარების ყოფნას მეორეს ტერიტორიაზე მათ შორის ომის მდგომარეობის პირობებში. ამასთან, ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახორციელებს ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო სარდლობა,“– განმარტავს რუსეთის საგარეო უწყება 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
“ამდენად, სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ ტერმინ "ოკუპაციის“ გამოყენებას აღნიშნულ კონტექსტში არანაირი საფუძველი არ აქვს,“– ნათქვამია განცხადებაში.
"საქართველოს ტერიტორიაზე არ არის არცერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე. რეგიონში არიან რუსული სამხედრო კონტიგენტები, მაგრამ ისინი იმყოფებიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, რომლებიც გამოეყვნენ საქართველოს სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული აგრესიის შედეგად. ამასთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სრული დატვირთვით ფუნქციონირებს დემოკრატიული გზით შექმნილი საკუთარი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებანი, აქტიურად მუშაობენ პოლიტიკური პარტიები. რუსული სამხედრო კონტიგენტები და ბაზები ორი რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული არიან ორმხრივი სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე საერთაშორისო სამართალთან სრულ შესაბამისობაში,“– აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
“ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორები გაითვალისწინებენ ამ ობიექტურ რეალობას თავიანთ საჯარო და პრაქტიკულ საქმიანობაში,“– ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)