პარლამენტში მაგისტრალურ გაზსადენზე მორიგი დებატები გაიმართა

დეპუტატებმა 13 ივლისს მეორე მოსმენით განიხილეს და კენჭი უყარეს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონპროექტს, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვაზე აკრძალვის მოხსნას ითვალისწინებს.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით 6 ივლისს მიიღო, დეპუტატებმა მეორე მოსმენით 68 ხმით 4–ის წინააღმდეგ დღეს დაამტკიცეს.

დღევანდელ განხილვას, პირველი მოსმენით განხილვის ანალოგიურად, საპარლამენტო დებატები მოყვა.

დებატების დროს მმართველი პარტიის დეპუტატებმა რამოდენიმეჯერ გაიმეორეს, რომ რუსეთისთვის გაზსადენის მიყიდვის განზრახვა არ არსებობს, თუმცა ოპოზიციის განცხადებით, მხოლოდ სიტყვიერი დაპირება საკმარისი არ არის.

დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან კვლავ მოითხოვეს პროექტში იმ დებულების შეტანა, რომელიც გაზსადენის აქციების არა უმეტეს 49%–ის გაყიდვის საშუალებას უზრუნველყოფს. თუმცა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა კვლავ უარყვეს ეს შემოთავაზება.

დებატების დროს საპარლამენტო უმცირესობის და ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ სააკაშვილის 2002 წლის ინტერვიუდან ამოიკითხა ნაწყვეტი, სადაც მაშინდელ ოპოზიციაში მყოფი სააკაშვილი ამბობდა, რომ რუსეთისთვის მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვა დაუშვებელი იყო, რადგანაც ეს ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

თარგამაძის ამ განცხადებას კანონპროექტის ერთ–ერთი ინიციატორი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  საპარლამენტო უმცირესობა ვერ ხედავს სხვაობას 2002 წლის და დღევანდელ საქართველოს შორის. მისი თქმით, იმ დროს საქართველო მხოლოდ გაზის მოწოდების რუსულ წყაროზე იყო დამოკიდებული, ახლა კი ქვეყანამ  გაზის მოწოდების დივერსიფიკაცია მოახდინა.

მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით რუსული გაზის ტრანსპორტირება ხორციელდება სომხეთში საქართველოს გავლით. ამჟამად მის მართვას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ახორციელებს. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა აქციების ნაწილი, მაგრამ არა საკონტროლო პაკეტი, ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსოს რამოდენიმე წელიწადში, თუმცა ეს უახლოეს 1–2 წელიწადში არ მოხდება.
  
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის  "ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ (MCC) ფარგლებში გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სხვა პროექტებთან ერთად, რომელთა საერთო ღირებულება 295.3 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას მოიცავდა,  ჩრდილოეთ–სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას იმ პირობით ითვალისწინებდა, რომ საქართველო არ გაასხვისებდა ამ ობიექტს 2011 წლის აპრილამდე. ფონდ "ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს“ ინფორმაციით, 2010 წლის თებერვალში დასრულდა გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 221 კმ–იანი მილსადენის 22 უბნის რეაბილიტაციაზე 35 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა.

13 ივლისს გამართული დებატების დროს საპარლამენტო უმცირესობამ მოუწოდა მმართველ პარტიას არ იჩქაროს კანონპროექტის მიღება და საკითხის საჯარო განხილვას მეტი დრო დაუთმოს.

თუმცა კუბლაშვილმა განაცხადა, რომ რამდენი საუბარიც არ უნდა მოჰყვეს ამ საკითხს, არსებობს ერთი "მარტივი პასუხი", რომ "გაზსადენი არ იყიდება რუსეთზე".

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)