თბილისი გმობს ცხინვალელ აქტივისტზე თავდასხმას
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 26 ივლისს განაცხადა, რომ ცხინვალელი აქტივისტის და ჟურნალისტის თემურ ცხოვრებოვის უმოწყალოდ ცემა ნათელი დასტურია იმ ძალადობის და განსხვავებული აზრის გამო დევნისა, „რაც სუფევს სამხრეთ ოსეთის/ ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“.
ცხოვრებოვს ცხინვალის ცენტრში 24 ივლისს დაახლოებით ათკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს შორის იყვნენ სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის მხარდამჭერი ორგანიზაციის წევრებიც. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სულ ცოტა სამი თავდამსხმელი სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის წევრია.
ცხოვრებოვი ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს სერიოზული დაზიანებებით, ხოლო მოგვიანებით ის ვლადიკავკაზის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცხოვრებოვმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა, მონაწილეობდა ჰოლანდიაში, ქალაქ ლეიდენში, ივლისის შუა რიცხვებში გამართულ “ქართულ-ოსურ სამოქალაქო ფორუმში.” ფორუმი მიზნად ისახავს ქართულ და ოსურ სამოქალაქო სექტორებს შორის კონტაქტების შენარჩუნებას. ლეიდენის შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთობლივი მიმართვა მიიღეს სადაც ჟენევის დისკუსიის მონაწილეებს მოუწოდებენ მოაგვარონ კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული პრობლემები.
ცხოვრებოვზე თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, სამხრეთ ოსეთის ლიდერის წარმომადგენელმა პოსტ–კონფლიქტური მოგვარების საკითხებში, ბორის ჩოჩიევმა მწვავედ გააკრიტიკა შეხვედრის ოსი მონაწილეები, კერძოდ კი ცხოვრებოვი.
„საქართველოს მთავრობა გმობს ძალადობის გამოვლენას ნებისმიერი სახით და მოითხოვს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების მხრიდან მეტ ძალისხმევას და აქტიურობას, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რეალური ვითარება გახდეს ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებისათვის,“ – განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.
Human Rights Watch–მა მოუწოდა რუსეთს და საერთაშორისო თანამეგობრობას ზეწოლა მოახდინონ სეპერატისტული რეგიონის ხელისუფლებაზე, რათა მათ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები სამართალში მისცენ და უზრუნველყონ ნორმალური სამუშაო გარემოს შექმნა რეგიონის სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტებისთვის.
„შეძრწუნებულები ვართ ცხოვრებოვზე თავდასხმის გამო და ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ სამხრეთ ოსეთში აქტივისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ჰოლი კარტნერმა, HRW-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა. „სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიებაა საჭირო დამნაშავეთა სამართალში მისაცემად“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)