ხანძარი აწყურის ტყეში

ასობით მეხანძრე, მაშველი და მოხალისე მონაწილეობს ახალციხის რაიონში, აწყურის ტყეში 4 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად.

„ხეობაში არ არის მარტივი სიტუაცია… თუმცა სიტუაცია კონტროლდება და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება,“ – განუცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ "რუსთავი 2“–ს ტელეფონით აწყურიდან.

მისი თქმით, რთული რელიეფის, ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო ხანძრის ჩაქრობა რთულდება. თუმცა, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე თურქეთისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება არ არსებობს, როგორც ეს საქართელოს წარსულში უკვე გაუკეთებია რამოდენიმეჯერ ტყის ხანძრების ჩასაქრობად.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტყის ხანძრის შედეგად წარმოშობილმა კვამლმა ახლომდებარე სოფლები წნისი, კრიოხი და კლდე დაფარა. განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით აწყურსა და ბორჯომში, დაახლოებით, 25 ჰექტარი ტყეა დამწვარი.

გუშინ ღამით, ხანძარი გაჩნდა ასევე სოფელ კუმისში სადაც 50 სააგარაკო სახლი განადგურდა. არავინ დაშავებულა, თუმცა როგორც იტყობინებიან რამოდენიმე ოჯახი, რომლებიც სოფელში მუდმივად ცხოვრობენ ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს. სააგენტო ”ინტერპრესსნიუსი” იტყობინებოდა, რომ მეხანძრეთა სოფელში ჩასვლა დაგვიანებით მოხდა, რის მიზეზადაც ცუდი გზა დასახელდა.

საქართველოში ბოლო დროს გაჩენილი ხანძრების ზოგად მიზეზად მაღალი ტემპერატურა დასახელდა; თუმცა როგორც გასულ კვირაში გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, მიზეზი შესაძლოა "დაუდევრობაც“ იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)