საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას გეი-აღლუმის ჩატარება

საქართველოს საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას საქართველოში „გეი–აღლუმის“ ჩატარება, რათა „იგი არ იქცეს საშინელი ცოდვის და საზოგადოებრივი აღშფოთებისა და არეულობის მიზეზად“.

“მიუხედავად ათეისტური რეჟიმის მავნე ზეგავლენისა, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ზნეობრივი ღირებულებების მტკიცე დამცველია (არა აქვს მნიშვნელობა რა აღმსარებლობისაა იგი) და ამდენად ჰომოსექსუალთა აღლუმი, ბუნებრივია, მათში მძაფრ რეაქციას გამოიწვევს, რაც შეიძლება მკვეთრ დაპირისპირებაში გადაიზარდოს,“– ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II–ს კურთხევით 20 აგვისტოს გაავრცელა.

მოგვიანებით, საპატრიარქომ განცხადების ის ნაწილი სადაც ნათქვამია: “მიუხედავად ათეისტური რეჟიმის მავნე ზეგავლენისა…” შეცვალა შემდეგი ფორმულირებით: ”მიუხედავად კომუნისტური რეჟიმის მავნე 70 წლიანი ზეგავლენისა…”

ბოლო პერიოდში პრესაში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისსა ან ბათუმში აგვისტოში ჰომოსექსუალთა აღლუმი იგეგმება. თუმცა ეს ინფორმაცია, მათ შორის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხრიდან, ოფიციალურად არ დასტურდება და არც საჯაროდ გამოუთქვამს რომელიმე ორგანიზაციას ან პირს ამ მსვლელობის ორგანიზების გეგმებზე.

2007 წლის ივლისში, თბილისში იგეგმებოდა ტოლერანტობისადმი მიძღვნილი ქუჩის აქცია სახელწოდებით ”ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი”, თუმცა ის მას შემდეგ ჩაიშალა, რაც გავრცელდა ხმები, რომ ეს გეი–აღლუმი უნდა ყოფილიყო. აქციის ორგანიზატორებმა მაშინ ამ ხმებს უსაფუძვლო უწოდეს. თუმცა, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გააფრთხილა, რომ სექსუალურ უმცირესობათა აღლუმი დაპირისპირებას და შეტაკებას გამოიწვევდა.

“2000 წლოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე ჩვენს ქვეყანაში, 100000 მოწამის სისხლით მორწყულ ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში, წარმოუდგენელია და სრულიად დაუშვებელი ხალხისთვის მისაღებ ფორმად ჰომოსექსუალიზმის წარმოჩენა, რასაც მათი საჯარო მსვლელობის მოწყობა ნიშნავს,“– ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

“გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობები არის უმძიმესი ცოდვა“, რომელიც საპატრიარქოს თქმით, „არცერთ დროს ნებადართულ მოვლენად არ მიიჩნეოდა“.

"მაგრამ დღეს პირდაპირ თუ ირიბად ამის საწინააღმდეგო მდგომარეობა იქმნება,“ – აცხადებს საპატრიარქო, "ჩვენ ასევე ვალდებულნი ვართ, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ, როგორც ადამიანის მორალურ-ზნეობრივი დაცემის ხელშემწყობნი, ისე განსაკუთრებით მამათმავლობის, ლესბოსელობის და სხვა ავხორცული გამოვლინებების ლეგალიზების უფლების მქონენი, რომ თავის თავზე ღვთის დიდ სასჯელს მოიწევენ და ეს სასჯელი ერზეც გადავა“.

This post is also available in: Русский (რუსული)