სააკაშვილი განათლების სისტემის პრიორიტეტებზე
განათლების სისტემაში აქცენტი საბუნებისმეტყველო სწავლებაზე გაკეთდება და ამ მიზნით იგეგმება ახალი, ტექნოლოგიებზე ორიენტირებული უნივერსიტეტის შექმნა, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 აგვისტოს პედაგოგებთან შეხვედრისას.
“რა თქმა უნდა დღესაც გვჭირდება კვალიფიციური დიპლომატები, იურისტები, სამართლის სპეციალისტები, ვინაიდან ამხელა ბორცვს უმკლავდებით და საოცრებებს ვახდენთ საერთაშორისო არენაზე ჩვენი შეზღუდული რესურსებით. წარმოიდგინეთ ამხელა რუსეთის აპარატი და ჩვენი პატარა სამინისტრო თავისი სპეციალისტებით, რომლებიც გმირულად იბრძვიან. მაგრამ ეს ხალხი გვჭირდება ცოტა, ეს ხალხი თანამედროვე მსოფლიოში ისე ვერასოდეს გაიკვლევენ გზას, როგორც კარგი მათემატიკოსები, ინფორმატიკოსები, ფიზიკოსები, ინჟინრები, არქიტექტორები,“– განაცხადა მან.
სააკაშვილის ინფორმაციით, მომავალი წლიდან ყველა სახელმწიფო დაფინანსება წავა საბუნებისმეტყველო პროფესიებზე. "დაივიწყეთ საერთაშორისო სამართალი, იურისპოდენცია, ეკონომიკა, სრულიად მეორეხარისხოვანია დღევანდელ მოთხოვნებთან ეს პროფესიები,“– დასძინა მან.
პედაგოგებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა განათლების და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც სააკაშვილმა შეაქო, როგორც "ძალიან მაღალი დონის მინისტრი".
მან ასევე განაცხადა, რომ განათლების სისტემაში, "ისევე როგორც ყველა იმ სისტემაში, რომელიც განიცდის რეფორმირებას, ჩვენ გვქონდა მიღწევები და გვქონდა შეცდომებიც – შეცდომები ხშირად გვქონდა იმიტომ, რომ პროფესიონალებს არ უგდებდით ყურს“.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კომპიუტერისა და ინგლისურის ცოდნის საჭიროებას, როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების დონეზე.
“რუსეთი არის ავტორიტარული, ფეოდალური ჩამორჩენილი სახელმწიფო და ჩიხში შესული ქვეყანა. ამიტომ ჩვენი ინფორმაციის წყარო დღეს არის ინგლისური, ძალიან გამიხარდება, რომ ჩინურიც ვისწავლოთ,“– აღნიშნა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ სკოლებში იგეგმება ახალი დისციპლინების – სპორტის და ქართული ცეკვის გაკვეთილების შემოღება და სამოქალაქო თავდაცვის დისციპლინის სწავლება, რათა შეიქმნას ტოტალური თავდაცვის სისტემა.
“ჩვენს ქვეყანას აქვს სერიოზული გამოწვევები. ჩვენ ქვეყანას ბომბავდნენ, სერიოზული აგრესორი დგას ჩვენი საზღვრების შიგნით, ჩვენ უნდა შევქმნათ ტოტალური თავდაცვის სისტემა საქართველოს ყველა სოფელში,“– განაცხადა სააკაშვილმა, "ჩვენ პოლიციის განყოფილებებში იარაღი საკმარისზე მეტი გვაქვს საწყობებში იმისათვის, რომ ხალხს დავურიგოთ, მაგრამ ეს ყველაფერი სამოქალაქო თავდაცვის დონეზე უნდა იყოს მომზადებული“.
This post is also available in: Русский (რუსული)