რუსეთის შსს–ს წარმომადგენელი: საქართველოში მებრძოლებს წვრთნიან
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ "სპეციალური ბანაკებში“ მებრძოლები იწვრთნებიან და შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში იგზავნებიან, განაცხადა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
“ძალიან შესამჩნევად გააქტიურდა ბოლო დროს საქართველო,“– განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის დანაყოფის უფროსის მოადგილემ ნიკოლაი სიმაკოვმა რუსულ გაზეთ „ვრემია ნოვოსტეისთან“ ინტერვიუში, როდესაც მას ჰკითხეს ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი მებრძოლების საერთაშორისო დახმარებაზე.
“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ქვეყნის [საქართველოს] ტერიტორიაზე მებრძოლების მოსამზადებლად შექმნილია სპეციალური ბანაკები. აქ აგროვებენ კავკასიის რესპუბლიკებიდან გასულებს, როგორც წესი, დამნაშავეთა რიგებიდან ან მათ, ვინც მართლმსაჯულებას ევროპულ ქვეყნებში ემალება, ამზადებენ მათ და აგზავნიან ჩვენთან მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან,“– განაცხადა მან 6 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
“ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანიდან რუსეთის საზღვრის გადალახვის მცდელობისას ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ შეტაკებას, დაიღუპა ერთი აზერბაიჯანელი მესაზღვრე, მოკლული იქნა ერთი მებრძოლი და ორი დააკავეს. დაკითხვის დროს, გაირკვა, რომ მათ ცხოვრების უფლება ჰქონდათ ავსტრიასა და საფრანგეთში. იქვე გადაიბირეს ისინი ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა და გაიგზავნნენ საქართველოში მოსამზადებლად, რათა შემდგომში ემოქმედათ რუსეთის ტერიტორიაზე,“ – განაცხადა სიმაკოვმა.
აგვისტოში აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ წლიურ ანაგარიშში აღნიშნა, რომ “რუსეთის განცხადებები საქართველოს მიერ ჩეჩენი ტერორისტების მხარდაჭერის და ამ პირების პანკისის ხეობაში დამალვის თაობაზე უსაფუძვლო გამოდგა“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა მოხსენების საქართველოს ნაწილი, როგორც „მიკერძოებული“.
“[მოხსენებაში] იგნორირებულია არსებული ცნობები იმის შესახებ, რომ თბილისი ორმაგ თამაშს აწარმოებს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ტერორისტულ იატაკქვეშეთთან მიმართებაში,“– განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ 13 აგვისტოს.
This post is also available in: Русский (რუსული)