ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს სტუმრობდნენ
ხუთი ამერიკელი კონგრესმენისაგან შემდგარმა დელეგაციამ შეხვედრების მთელი სერია გამართა საქართველოს ოფიციალურ პირებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან 6 სექტემბერს.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველოს "მთავარი თხოვნა და პრიორიტეტი" აშშ–ის კონგრესის მიმართ, ისევე როგორც სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებისადმი, არის ოკუპაციის დაფიქსირება სამართლებრივ დონეზე, ისეთი რეზოლუციების მიღებით, სადაც დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია.
ბაქრაძემ, რომელიც მომავალ კვირას აშშ–ში ვიზიტს გეგმავს, ასევე განაცხადა, რომ საქართველოში დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმა ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრაზე "დეტალურად" იქნა განხილული საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთან ერთად. მისი თქმით, საქართველოსთვის აშშ–ის, როგორც წამყვანი მოკავშირის, საკანონმდებლო ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციაში შედიოდნენ წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატი წევრები ჯიმ მარშალი; პიტერ ველჩი და ჯეინ ჰერმანი; ასევე სინტია ლუმისი და ჩარლზ დენტი რესპუბლიკური პარტიიდან.
“მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პარტიული კუთვნილებისა, ჩვენ საქართველოს წარმატების საერთო სურვილი გვაქვს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ გააგრძელოს ის რეფორმები, რომლებზეც ვიმსჯელეთ,“– განაცხადა კონგრესმენმა მარშალმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოში ჩამოსვლამდე დელეგაცია მალტას, ლიბანს და პაკისტანს სტუმრობდა.
დელეგაცია თბილისში კვირას ჩამოვიდა და შეხვედრები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან; ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან ეროვნული ფორუმიდან, კონსერვატორებიდან, რესპუბლიკელებიდან, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან, ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატებიდან ორშაბათს გამართა.
ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, პრობლემა, რომელიც დგას ქართული დემოკრატიის განვითარების დღის წესრიგში“, მათ შორის დაგეგმილი კონსტიტუციური ცვლილებები და საარჩევნო კოდექსის რეფორმა იყო შეხვედრის დროს განხილული.
“ყველაზე მყარი საფუძველი ქართულ–ამერიკულ სტრატეგიულ თანამშრომლობას შეიძლება შეუქმნას დემოკრატიამ. თუ არ იქნება საქართველოში ეს დემოკრატია და თუ ეს რეფორმები არ იქნება მხარდაჭერილი შეერთებული შტატების მიერ, ასეთ შემთხვევაში ძალიან რთული წარმოსადგენია გაგრძელდეს სტრატეგიული ურთიერთობა, გრძელვადიან ურთიერთობებში,“– განაცხადა კახა კუკავამ, კონსერვატიული პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა შეხვედრის შემდეგ.
"რესპუბლიკური პარტია მხარს უჭერს ქართველების, ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან [საერთაშორისო, კერძოდ, ავღანურ] ოპერაციებში, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს საქართველოში არსებულ პრობლემებზე თვალის დახუჭვის მიზეზი ან საბაბი,“– განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ.
ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო რეფორმის საჭიროებას შეეხო, რადგან "თუ მოქალაქე არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ ქვეყანაში, ვერ პოულობს სამართალს და არ აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, დემოკრატიაზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ლაპარაკი ზედმეტია“.
ალექსი პეტრიაშვილმა, ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ მიუღებელია "კონსტიტუცია იყოს მორგებული ერთი რომელიმე პოლიტიკური ლიდერის ან რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებზე“. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ივლისში წამოაყენეს ინიციატივა, რომ ახალ კონსტიტუციაში აისახოს დებულება, რომელიც აუკრძალავს პრეზიდენტ სააკაშვილს 2013 წლის შემდეგ, როცა მისი მეორე და უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადა იწურება, პრემიერ–მინისტრად წარდგენას – თანამდებობაზე, რომელსაც მნიშვნელოვნად ეზრდება ძალაუფლება კონსტიტუციის ახალი მოდელით.
This post is also available in: Русский (რუსული)