ბაქრაძე საკონსტიტუციო რეფორმას ოპოზიციასთან იხილავს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 8 სექტემბერს ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერს და თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატს ირაკლი ალასანიას შეხვდა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად.

“ეს არის კარგი შესაძლებლობა ჩემთვის, ჩემი პარტიისთვის, რომ პირდაპირ შეხვედრაზე ჩვენი პოზიცია დავუფიქსიროთ არსებულ ვარიანტთან დაკავშირებით და შევთავაზოთ ის ხედვა, რაც ჩვენ გვაქვს კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით,“– განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე.

"მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს შეაცვლევინებს ხელისუფლებას იმ გეგმას – სააკაშვილის გაპრემიერების გეგმა მომზადდა მმართველ პარტიაში,"– აღნიშნა მან.

ივლისში "თავისუფალმა დემოკრატებმა“, რომლებიც საპრეზიდენტო მმართველობას ემხრობიან, თუმცა ასევე მხარს უჭერენ პარლამენტისთვის უფლებამოსილების გაზრდას, მოუწოდეს საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიას, რომ პროექტში გაეთვალისწინებინათ დებულება, რომელიც აკრძალავდა მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ხუთი წლის განმავლობაში მის პრემიერ–მინისტრად წარდგენას.

ეს წინადადება კომისიამ არ გაიზიარა იმ მოტივით, რომ შეზღუდავდა პოლიტიკურ უფლებებს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებას, თუ ის გადაწყვეტს პრემიერ–მინისტრის თანამდებობის დაკავებას.  

ახალმა მემარჯვენეებმა, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა, ასევე განაცხადეს, რომ აპირებენ შეხვედრას დავით ბაქრაძესთან 9 სექტემბერს საკონსტიტუციო რეფორმების განსახილველად.

რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც მემარჯვენეებისა და ალასანიას პარტიის ასევე ყოფილი პოლიტიკური პარტნიორია, განაცხადა, რომ აზრს ვერ ხედავს ხელისუფლებასთან შეხვედრაში. პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა გააკრიტიკა შემოთავაზებული საკონსტიტუციო მოდელი და განაცხადა, რომ ცვლილებები პრეზიდენტის ძალაუფლებას პრემიერ–მინისტრის ხელში მოუყრის თავს, ხოლო პარლამენტს კვლავ უუფლებოს დატოვებს.

“საკონსტიტუციო კომისიის შექმნას არ ქონდა არავითარი აზრი, ვინაიდან ეს არის მორიგი მანიპულირება სააკაშვილის მხრიდან კონსტიტუციური თემატიკით. შესაბამისად შესახვედრიც არაფერია და ამაზე მეტყველებს თავად ის პროდუქტიც, რაც დაიდო კომისიის მიერ. ეს არის ერთი ტიპის დიქტატურის შეცვლა მეორე ტიპის დიქტატურით პარლამენტის ხარჯზე,“– განუცხადა უსუფაშვილმა 8 სექტემბერს ჟურნალისტებს.

იმავდროულად, 8 სექტემბერს დავით ბაქრაძე დეპუტატებთან ერთად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და საკონსტიტუციო ცვლილებები გააცნო.

ივლისში ათმა ოპოზიციურმა პარტიამ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ არ ეჩქარა ახალი კონსტიტუციის დამტკიცება, რადგან ის უნდა მიიღოს ახალმა, 2012 წლის მოწვევის პარლამენტმა. თუმცა ხელისუფლებამ ეს შეთავაზება არ მიიღო.

This post is also available in: Русский (რუსული)