სააკაშვილი აზერბაიჯანს ეწვევა

პრეზიდენტი სააკაშვილი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს 13 სექტემბერს ბაქოში შეხვდება, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

14 სექტემბერს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები და მათი რუმინელი კოლეგა ტრაიან ბასესკუ ბაქოში დაგეგმილი ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების პროექტზე იმსჯელებენ, რომელიც საქართველოს გავლით კასპიური ენერგორესურსების ევროპაში გატანას ითვალისწინებს.

13 აპრილს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს გათხევადებული ბუნებრივი გაზის და მისი ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიხედვით, შავ ზღვაზე ორი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება.

მაისში აზერბაიჯანის, საქართველოს და რუმინეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიები ბუქარესტში ერთობლივი საწარმოს შექმნაზე შეთანხმდნენ. პროექტი, დაახლოებით, 7 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს გაზსადენით ფოთამდე და შემდეგ ტანკერებით შავ ზღვაზე რუმინეთის პორტ კონსტანცამდე.

This post is also available in: Русский (რუსული)