საკონსტიტუციო ცვლილებების შემაჯამებელი შეხვედრა
- ორგანული კანონის კატეგორია შენარჩუნდება ახალ მოდელშიც;
- პრემიერ–მინისტრს გუბერნატორების დასანიშნად მთავრობის თანხმობაც დასჭირდება;
კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ 13 სექტემბერს შემაჯამებელი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართა, რის შემდეგაც ამ პროექტის ირგვლივ განხილვები უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს.
საყოველთაო–სახალხო განხილვას, რომელიც ივლისის ბოლოს დაიწყო, 36–წევრიანი საორგანიზაციო კომისია უძღვებოდა პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მეთაურობით.
მან სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კომისიამ გაითვალისწინა რეკომენდაცია ორგანული კანონის კატეგორიის ახალ მოდელშიც შენარჩუნების შესახებ.
საკონსტიტუციო პროექტში "ორგანული კანონის“ ცნება საერთოდ ამოღებულია. კანონთა იერარქიაში ამ ტიპის კანონები ჩვეულებრივ კანონებსა და კონსტიტუციას შორის დგას და მისი მიღება ან შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება პროექტში, ბაქრაძის თქმით, ეხება გუბერნატორების დანიშვნის წესს. არსებულ პროექტში ნათქვამია, რომ გუბერნატორებს პრემიერ–მინისტრი ნიშნავს, ნაცვლად პრეზიდენტისა, რასაც მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს. თუმცა გადაწყდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გაზიარება იმის თაობაზე, რომ გუბერნატორები პრემიერ–მინისტრმა მთავრობასთან შეთანხმებით დანიშნოს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ვინაიდან ახალი მოდელით მთავრობა შესაძლოა იყოს კოალიციური და ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს მიეცემათ შესაძლებლობა გუბერნატორების საკადრო საკითხების გადაწყვეტაში ჩაერთონ.
მისი თქმით, ასევე გადაწყდა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ფორულირების კიდევ უფრო "გაძლიერება".
საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა შემაჯამებელი სხდომის დაწყებამდე, რომ "ალბათ იქნება მსჯელობა და მე მივიღებ ამაში მონაწილეობას უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის ვადებისა და ზოგიერთი პროცედურის შესახებ“.
მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებული პროექტის ეს ნაწილი ვენეციის კომისიამ თავის წინასწარ დასკვნებში გააკრიტიკა, რადგან იგი, კომისიის განცხადებით, მოიცავს "გრძელ“ და "რთულ პროცედურებს“, რომელთაც "ახლავს რისკი, რომ პოლიტიკური კრიზისი კი არ მოგვარდეს, არამედ გახანგრძლივდეს“.
საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ის შემაჯამებელ შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად აპირებს დააყენოს საკითხი იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციური ცვლილებები ამოქმედდეს 2012 წელს, შემდგომი მოწვევის პარლამენტის არჩევასთან ერთად და არა 2013 წელს, მაშინ როცა პრეზიდენტ სააკაშვილის მეორე და უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადა იწურება, როგორც ეს პროექტშია გათვალისწინებული.
13 სექტემბერს დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი ახალ საკონსტიტუციო მოდელს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მას შემდეგ გაიტანს, რაც ვენეციის კომისია პროექტთან დაკავშირებით საბოლოო რეკომენდაციებს გააცნობს საქართველოს ხელისუფლებას. ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას პროექტთან დაკავშირებით 15–16 სექტემბრის სხდომაზე მიიღებს; მისი დელეგაცია კი საქართველოს ვიზიტით 16–17 სექტემბერს ეწვევა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე "კარგი კონსულტაციები“ უწოდა ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ახალი მემარჯვენეებისა და მრეწველების ლიდერებთან 8–9 სექტემბერს გამართულ ცალკ–ცალკე შეხვედრებს. ბაქრაძემ განაცხადა, რომ მართალია ყველა კრიტიკული შენიშვნას ვერ გაიზიარებს, თუმცა საორგანიზაციო კომისია შეეცდება ოპოზიციის ცალკეული წინადადებების გათვალისწინებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)