ბაღაფშმა ქონებრივ დავებზე კომისია შექმნა
სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა, სერგეი ბაღაფშმა ხელი მოაწერა განკარგულებას იმ კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც რეგიონში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების გადაწყვეტისას კანონიერებას უზრუნველყოფს, იტყობინება "აფსნიპრესი“ 17 სექტემბერს.
მოსკოვის მიერ შეთავაზებული ამგვარი კომისიის შექმნის იდეამ აგვისტოში აფხაზეთში წინააღმდეგობა და დებატები გამოიწვია. ამ წინადადების მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ეს გზას გაუხსნის იმ ათასობით ქართველის დაბრუნებას, რომლებმაც აფხაზეთი 90–იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დატოვეს და ამჟამად რუსული პასპორტებით რუსეთში ცხოვრობენ.
სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრმა, სერგეი შამბამ აგვისტოში განაცხადა, რომ მოსკოვის თავდაპირველი შეთავაზება სოხუმმა დაიწუნა, თუმცა აფხაზური მხარე თავად იდეის წინააღმდეგი არ იყო. მან განაცხადა, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები უნდა მოერგოს აფხაზურ რეალობას და თითოეული დავა ცალკე უნდა განიხილებოდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული რუსული პასპორტების მქონე ეთნიკური ქართველების დაბრუნება.
This post is also available in: Русский (რუსული)