პოლიციის შესახებ კანონში დაგეგმილი სადავო ცვლილებები
პოლიციის შესახებ კანონში პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებები, რომელიც პოლიციელის უფლებამოსილებებს ზრდის, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის სამიზნე გახდა.
მმართველი პარტიიდან სამი დეპუტატის მიერ ინიცირებული ცვლილებები, პოლიციელს აძლევს უფლებამოსილებას "დანაშაულის შესაძლო ჩადენის“ შესახებ "გონივრული ეჭვის“ საფუძველზე შეაჩეროს პირი "ეჭვის დადასტურების ან გამორცხვისათვის აუცილებელი გონივრული“ ვადით და „შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწამოოს ზედაპირული შემოწმება“; და თუ ამ შემოწმებისას წარმოიშვება ჩხრეკის საფუძველი, „უფლებამოსილი თანამდებობის პირი ატარებს ჩხრეკას“. კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩხრეკა დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც დროის სიმცირით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობის დროს. ამასთან, კანონპროექტით, პირი უფლებამოსილია ხუთი დღის ვადაში გაასაჩივროს შეჩერების კანონიერება.
კანონპროექტის ავტორებმა აღნიშნული ცვლილება პოლიციელის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის საჭიროებით დაასაბუთეს. თუმცა დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან გამოთქვეს ვარაუდები, რომ აღნიშნული ცვლილების შეტანის შემთხვევაში, ზედაპირული შემოწმების ნორმა საყოველთაო ჩხრეკის ფორმას მიიღებს და მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს შელახავს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ მართალია "შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების“ პრინციპს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ამ ნორმის კანონპროექტში წარმოდგენილი ფორმულირებით მიღება "დაუშვებელია“, ვინაიდან ის "წარმოშობს შეუსაბამოდ მაღალ რისკს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან თვითნებობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისათვის“.
ამასთან, საია აღნიშნავს, რომ შეჩერებული პირი, მიუხედავად იმისა, რომ მას პრაქტიკულად შეზღუდული აქვს მიმოსვლის თავისუფლება "განუსაზღვრელი ვადით“ და პოლიციელი აწარმოებს მის “არაფორმალურ” დაკითხვას, არ სარგებლობს დაცვის პროცესუალური უფლებებითა და კონტროლით, ვინაიდან არ გააჩნია განსაზღვრული სტატუსი.
საია პარლამენტის იურიდიული კომიტეტისათვის 17 სექტემბერს გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები თავისი არსით მნიშვნელოვნად განსხვავდება საზღვარგარეთ მოქმედი შეჩერებისა და შემოწმების ინსტიტუტისაგან, რომელიც ცნობილია სახელწოდებით stop and frisk. საერთაშორისო პრაქტიკით, მოქალაქის გაჩერება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს პირი შეიარაღებული და საშიშია და პოლიციელი ამ შესაძლო საფრთხის პრევენციისთვის ატარებს შემოწმებას.
საია კანონპროექტის ავტორებს მოუწოდებს ფორმულირება იმგვარად შეცვალონ, რომ პოლიციელს ზედაპირული შემოწმების მიზნით პირის შეჩერების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდეს, თუ „არსებობს გონივრული ეჭვი იმისა, რომ პირი შეაირაღებულია და საფრთხეს უქმნის პოლიციელს ან მის გარშემო მყოფთ“, ხოლო შეჩერების ვადა საფრთხის შემცველი საგნის აღმოჩენისთვის საჭირო დროს არ აღემატებოდეს.
This post is also available in: Русский (რუსული)