ბაღაფში შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმებს გეგმავს

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა 23 სექტემბერს, რომ სეპარატისტული რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმები იგეგმება და საბჭოური სახლწოდება "მილიცია“ შეიცვლება "პოლიციით“.

"ჩვენ შევცლით შსს–ს სტრუქტურას და პოლიციას შევქმნით. ეს არ იქნება მხოლოდ სახელის შეცვლა, ეს იქნება ძალოვანი უწყების მუშაობის არსის შეცვლა,“ – იტყობინება "აფსნიპრესი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით 23 სექტემბერს.

"ჩვენ საკითხების მთელი კომპლექსის მოგვარება მოგვიწევს, მათ შორის უფლებამოსილებებზე, პასუხისმგებლობებზე, ხელფასებზე. მზად ვართ ყველასგან მივიღოთ წინადადებები და შენიშვნები,“ – განაცხადა მან.

მან ეს განცხადება სეპარატისტული რეგიონის ახალი შს მინისტრის პირადი შემადგენლობისთვის წარდგენისას გააკეთა. 

ბაღაფშმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთმა დაუყონებლივ უნდა მოაგვაროს რუსეთიდან მოპარული მანქანების შეტანასთან დაკავშირებული პრობლემა.

"ეს უნდა შეწყდეს; წინაღმდეგ შემთხვევაში, აფხაზეთი შავ ხვრელად გადაიქცევა,“ – განაცხადა მან. 

This post is also available in: Русский (რუსული)