საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენა ამ კვირაში იგეგმება

მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტი მეორე მოსმენით იმსჯელებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც პრეზიდენტის უფლებების შეკვეცის ხარჯზე პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილებების გაზრდას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო და სავარაუდოდ, ამ საკითხზე დეპუტატები 1 ოქტომბრის სხდომაზე იმსჯელებენ, ერთი კვირის თავზე მას შემდეგ, რაც გასულ პარასკევს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნული ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და დაამტკიცა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მეორე მოსმენით განხილვამდე, ის მზადაა კონსულტაციები გამართოს საპარლამენტო ოპოზიციასთან და მათი შენიშვნები განიხილოს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენისათვის კანონპროექტში დასაშვებია შინაარსობრივი, თუმცა არა პრინციპული ხასიათის ცვლილებების შეტანა; მესამე მოსმენისთვის კი მასში მხოლოდ სარედაქციო ხასიათის ცვლილებების განხორციელება შეიძლება.

ვენეციის კომისია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ კანონპროექტის ექსპერტიზის თხოვნით მიმართა, საბოლოო დასკვნას 15–16 ოქტომბერს დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს მას შემდეგ, რაც ოფიციალური დღის წესრიგის მიხედვით, პარლამენტს მეორე მოსმენით, სავარაუდოდ, უკვე მიღებული ექნება ცვლილებები.
 
ვენეციის კომისიის დელეგაციამ, რომელიც თბილისს 16–17 სექტემბერს სტუმრობდა, განაცხადა, რომ მათ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ვენეციის კომისიის საბოლოო რეკომენდაციების გამოქვეყნებამდე, კანონპროექტი პირველი მოსმენით იქნებოდა მიღებული, მასში ცვლილებების შეტანა ამ რეკომენდაციების მიხედვით მაინც შესაძლებელი იქნებოდა მეორე მოსმენისათვის.

მმართველი პარტიიდან დეპუტატების განცხადებით, რეკომენდაციების მათთვის მისაღები ნაწილი, რომლებიც ვენეციის კომისიის წინასწარ მოსაზრებებში იყო ასახული, მათ უკვე გაითვალისწინეს. 

This post is also available in: Русский (რუსული)