რუსეთში აფხაზეთისა და ჩრდილო კავკასიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განიხილება
როგორც რუსეთში აცხადებენ, სულ მალე დაიწყება აფხაზეთისა და ყარაჩაი–ჩერქეზეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ტექნიკური შესწავლა და საკითხის საბოლოოდ დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, მაღალმთიან მონაკვეთზე გვირაბის გაყვანა მოხდება.
"[რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს] ექსპერტები უახლოეს დღეეებში ჩამოვლენ. მთელი ინფორმაცია [ტექნიკური შესწავლის შესახებ] არა უგვიანეს ამა წლის 1 დეკემბრისა მზად უნდა იყოს,“ – განაცხადა ყარაჩაი–ჩერქეზეთის პრეზიდენტმა ბორის ებზეევმა Gazeta.ru –სთან ინტერვიუში, რომელიც 27 სექტემბერს გამოქვეყნდა.
მისი თქმით, ორი ვარიანტი არსებობს – ერთი ითვალისწინებს ძველი 340–კილომეტრიანი, ე.წ. ”სოხუმის სამხედრო გზის” აღდგენას, რომელიც სოხუმიდან კოდორის ხეობისა და ქლუხორის უღელტეხილის გავლით ყარაჩაი–ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკამდე მიდის – ეს გზა უკვე ათეულობით წელია აღარ ფუნქციონირებს; და მეორე შესაძლო მარშრუტია არხიზის უღელტეხილზე.
ორივე შემთხვევაში გვირაბის გაჭრა იქნება საჭირო, რათა გზა ზვავისგან იქნას დაცული და ზამთრის პერიოდშიც იფუნქციონიროს, განაცხადა ყარაჩაი–ჩერქეზეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამ პროექტს მისი რესპუბლიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამ გზის საშუალებით ყარაჩაი–ჩერქეზეთი, რომელიც მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ”სატრანსპორტო ჩიხს” წარმოადგენს, შავ ზღვას დაუკავშირდება. მან ასევე განაცხადა, რომ გზა მის რესპუბლიკაში მეტი ტურისტის მოზიდვას შეუწყობს ხელს და ეს იქნება ბევრად მოკლე გზა შავი ზღვის აფხაზურ სანაპიროზე მისასვლელად, ვიდრე რუსეთსა და აფხაზეთს შორის დღეს არსებული ერთადერთი სახმელეთო გზა მდინარე ფსოუზე.
ახალი გზის მშენებლობის იდეა ადრეც დროდადრო ჩნდებოდა, თუმცა ამ თემის განხილვამ გასულ წელს სულ უფრო აქტიური სახე მიიღო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალი გზისთვის ქლუხორის უღელტეხილის არჩევის შემთხვევაში, 12 კილომეტრის სიგრძის გვირაბის გაყვანა გახდებოდა საჭირო, ხოლო ალტერნატიულ ვარიანტს – 5 კილომეტრამდე სიგრძის გვირაბი დასჭირდებოდა.
This post is also available in: Русский (რუსული)