ბაქრაძე ნატოს გენერალური მდივნის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ
ნატოს გენერალური მდივნის დაგეგმილი ვიზიტი თბილისში ნათელი გზავნილია იმისა, რომ ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
"ამ დროს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში ნიშნავს პირდაპირ გზავნილს იმის თაობაზე, რომ საქართველოს და ნატოს ურთიერთობა გრძელდება ისე, როგორც ეს იყო გათვალისწინებული ბუქარესტის ვალდებულებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და საკითხი ეხება დროის და ტექნიკურ მხარეს, თუ როდის და რა ფორმით მოხდება გაწევრიანება,“ – განუცხადა მან საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 28 სექტემბერს.
თბილისში ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი 1 ოქტომბერს პრეზიდენტ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ–მინისტრს, თავდაცვის მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ 28 სექტემბერს. ვიზიტის დროს თბილისში ასევე გაიხსნება ნატოს სამოკავშირეო ოფისი.
2008 წლის აპრილში ბუქარესტში გამართულ სამიტზე, მწვავე დებატების შემდეგ, ნატოს ლიდერებმა უარი თქვეს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (Membership Action Plan – MAP) მინიჭებაზე; თუმცა, ნატოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველო ოდესმე მომავალში გახდებოდა ნატოს წევრი. იმ დროს გაკეთებულ საჯარო განცხადებებში საქართველოს ხელმძღვანელობას მოუწია მისალმებოდა ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, აგვისტოს ომის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნატოს ამ გადაწყვეტილებას "სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა.
2008 წლის სექტემბერში ნატო–საქართველოს კომისია შეიქმნა. ეს არის მთავარი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ნატო–საქართველოს თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოს მიერ ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში (Annual National Programme – ANP)ასახული რეფორმების განხორციელება ფასდება. ალიანსი ამ პროგრამის შესრულებას ყოველ წელს აფასებს.
ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP), რომელსაც ნატოს ერთ–ერთმა დიპლომატმა საქართველოს საბოლოო წევრობისკენ "საგზაო რუკა“ უწოდა, 2008 წლის დეკემბერში ბრიუსელში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე იქნა შემოღებული.
თუმცა, ეს პროგრამა არ არის MAP-ის შემცვლელი. 2009 წლის აპრილში სტრასბურგსა და კელში გამართულ სამიტზე ნატოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ MAP–ის მიღება და ამ ეტაპის გავლა კვლავ რჩება აუცილებელ პირობად მანამ სანამ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება მოხდება.
ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე ნატო–რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა ნიუ–იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რომლის დროსაც საქართველოს საკითხიც იქნა განხილული; რასმუსენის ვიზიტიდან ორ თვეში, 19–20 ნოემბერს, კი გაიმართება ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი ლისაბონში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)