ჰამერბერგი მოუწოდებს ცხინვალს გაანთავისუფლოს ყველა დაკავებული ქართველი
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამერბერგმა ცხინვალს 2008 წლის აგვისტოს ომის და მის შემდგომ პერიოდში დაკავებული ყველა ქართველის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
"ეს ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ და დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა ისინი თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ,“ – განაცხდა ჰამერბერგმა 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, რომელიც აგვისტოს ომით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა მოგვარებას ეხება.
ჰამერბერგმა, რომლის შუამავლობის შედეგად ორივე მხრიდან რამოდენიმე დაკავებული ადამიანის განთავისუფლება მოხერხდა, 2010 წლის მარტში თბილისს და ცხინვალს მემორანდუმი წარუდგინა, რომელშიც ყველა დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გასანთავისუფლებლად საჭირო ნაბიჯები იყო გაწერილი.
მემორანდუმის თანახმად, უნდა მომხდარიყო დაკავებულთა ყოველგვარი წინაპირობების და ”ვაჭრობის” გარეშე გათავისუფლება.
მარტის ბოლოს ქართულმა მხარემ ყველა ის პირი გაანთავისუფლა – სულ ექვსი, ვინც ჯერ კიდევ რჩებოდნენ პატიმრობაში და რომელთა დაკავება 2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის იანვრამდე პერიოდში მოხდა.
ამას მოყვა მაისში ცხინვალის მიერ აგვისტოს ომის შემდეგ დაკავებული და კვლავ ტყვეობაში მყოფი ცამეტი ქართველიდან ექვსის გათავისუფლება.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მიესალმა მხარეთა მიერ გადადგმულ ამ საწყის ნაბიჯებს და ასევე იმ ფაქტს, რომ "მემორანდუმის მხარეებისთვის გადაცემის შემდეგ ხანგრძლივ დაკავებებს ადგილი თითქმის აღარ ჰქონია“.
"თუმცა, კომისარი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ რამოდენიმე ადამიანს კვლავ აღკვეთილი აქვს თავისუფლება ცხინვალში,“ – განაცხადა ჰამერგერგმა მოხსენებაში, "კერძოდ, კომისარი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ცხინვალში რამოდენიმე დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდია და მოუწოდებს შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებებს, ეს საქმეები ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, პრიორიტეტულ საფუძველზე განიხილონ“.
იმავე მოხსენებაში კომისარმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს ყველაფერი გააკეთონ, რომ დაკარგულთა ბედი და თითოეული გაუჩინარების ფაქტი გამოიკვლიონ.
ცალკე მოხსენება, რომელიც რამოდენიმე დაკარგული პიროვნების საქმის დეტალებს ეხება, კომისარმა 29 სექტემბერს გამოაქვეყნა. ერთ–ერთ ასეთ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში სამი ახალგაზრდა ოსის დაკარგვას ეხება, მოხსენება გამოთქვამს ვარაუდს, რომ სამივე მათგანი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ისინი ქართულმა პოლიციამ დააკავა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ეს მოხსენება გააკრიტიკა და მას მიკერძოეული უწოდა. რადიო "თავისუფლების“ რუსულენოვან სამსახურთან „ეხო კავკაზა“–სთან საუბრისას უტიაშვილმა განაცხადა, რომ ის იმედგაცრუებულია, რადგან მოხსენებამ ვერ მოფინა ნათელი დაკარგულ ქართველთა ბედს. მან ასევე განაცხადა, რომ თბილისი იმედგაცრუებულია იმის გამოც, რომ კომისრის მცდელობებს არ მოყვა ცხინვალში დაკავებული ყველა ქართველის გათავისუფლება.
This post is also available in: Русский (რუსული)