ნოღაიდელი მოსკოვს სტუმრობს

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა 11 ოქტომბერს მოსკოვში ერთკვირიანი ვიზიტი დაიწყო, იტყობინება მისი პარტიის პრესსამსახური.

ამავე ინფორმაციით, მოსკოვში ნოღაიდელი რუსეთის მმართველი პარტიის "ედინაია როსიას“ ხელმძღვანელობას შეხვდება. ნოღაიდელის პარტიამ წლის დასაწყისში "ედინაია როსიასთან“ თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ვიზიტის დროს ნოღაიდელი ასევე გეგმავს რუსეთში ქართული, აფხაზური და ოსური დიასპორების წარმომადგენლებთან შეხვედრას.

მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის განცხადებით, მათი ლიდერი გასულ კვირას ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც იგი ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა და სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.     

This post is also available in: Русский (რუსული)