ბაღაფში: “როსნეფტი” შავი ზღვის შელფზე ნავთობის მოძიებას იწყებს

რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია "როსნეფტი“ სულ მალე შავი ზღვის აფხაზეთის შელფზე ნავთობის მოძიების სამუშაოებს დაიწყებს, განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა.

"ისინი პრაქტიკულად უკვე იწყებენ,“ – განაცხადა ბაღაფშმა რუსულ გაზეთ "კომერსანტთან“ ინტერვიუში, რომელიც 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა და დასძინა, რომ ამჟამად რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიას უკვე ჩააქვს რეგიონში სამუშაოებისთვის საჭირო აღჭურვილობა.

"როსნეფტმა“ და სოხუმმა 2009 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსულმა სახელმწიფო ნავთობ კომპანიამ შავი ზღვის აფხაზეთის შელფზე ნავთობის მოძიების და იქ ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარების უფლება მოიპოვა.

მაშინ თბილისმა დაგმო ეს გარიგება და ის "საერთაშორისო სამართლის ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის აშკარა და უხეშ დარღვევად“ შეაფასა.

აფხაზეთის ოპოზიციაც აკრიტიკებდა ამ გეგმებს ეკოლოგიური მოტივაციით. თუმცა, ბაღაფშმა განაცხადა "კომერსანტთან" ინტერვიუში, რომ შავი ზღვის ყველა ქვეყანა ახორციელებს საკუთარ შელფებზე ნავთობის მოძიების სამუშაოებს და არც აფხაზეთი იქნება გამონაკლისი.

მისი თქმით, საბჭოთა–დროინდელი მონაცემების თანახმად, ნავთობის საბადოები, ძირითადად, სოხუმსა და გაგრას შორის არსებულ მონაკვეთშია განლაგებული.

2008 წლის სექტემბერში აშშ–ს მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა მოუწოდა რუსეთს არ დაეწყო რესურსების მოძიების სამუშაოები აფხაზეთში.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)