ახალი კონსტიტუციის მიღება პარასკევს იგეგმება
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე და საბოლოო მოსმენით 15 ოქტომბერს მიიღებს.
თავდაპირველად კენჭისყრა 12 ოქტომბერს იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ პარლამენტმა ის გადადო იმ მოტივით, რომ საჭირო იყო დეპუტატებისთვს მეტი დროის მიცემა კენჭისყრამდე საბოლოო ტექსტის გასაცნობად.
კენჭისყრის გადადებამდე რამოდენიმე დღით ადრე ვენეციის კომისიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დალოდებოდა მის საბოლოო რეკომენდაციებს და საკონსტიტუციო ცვლილეების დამტკიცებამდე "ზედმიწევნით გაეთვალისწინებინა“ ისინი.
როგორც მოსალოდნელია, ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმას 15 ოქტომბრის სხდომაზე განიხილავს და საბოლოო რეკომენდაციებს მიიღებს.
ვენეციის კომისიის მსგავსი მოწოდება 12 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებაც გააკეთეს, რომელთაც მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ ეჩქარა ახალი კონსტიტუციის მიღება.
"მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულ იქნას ყოვლისმომცველ პროცესში, რომელიც კონსულტაციებს და კონსენსუსს დაეფუძნება, და რომ გათვალისწინებულ იქნას ვენეციის კომისიის რეკომენდაციები,“ – განაცხადეს კასტიოტ ისლამმა და მაიკლ იენსენმა 12 ოქტომბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
"ამ ცვლილებების მიღება ვენეციის კომისიის საბოლოო მოსაზრების გამოქვეყნებამდე მხოლოდ ზედმეტ კრიტიკას გამოიწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუცია ნაჩქარევად შეიცვალა,“ – განაცხადეს მათ.
This post is also available in: Русский (რუსული)