ახალი საკონსტიტუციო მოდელის ძირითადი დებულებები
პარლამენტმა 15 ოქტომბერს 112 ხმით 5–ის წინააღმდეგ მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ახალი საკონსტიტუციო მოდელი, რომელიც საგრძნობლად შეამცირებს მომდევნო პრეზიდენტის უფლებამოსილებებს პრემიერ–მინისტრისა და მისი მთავრობის გაძლიერების ხარჯზე.
ქვემოთ მოცემულია ცვლილებების ძირითადი დებულებები:
პრემიერ–მინისტრი და მთავრობა
- მთავრობა ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე;
- მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი, რომელიც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის სხვა წევრებს, მათ შორის ძალოვან მინისტრებს – ეს დღეს მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. პრემიერ–მინისტრის გადადგომა ან უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას;
- მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე (და არა ახალი პრეზიდენტის არჩევისას, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს);
- ახლად არჩეულ პარლამენტში პირველ ადგილზე გასული პარტია წარადგენს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატურას, რომელსაც ფორმალურად პრეზიდენტი წამოაყენებს; პრემიერობის კანდიდატი თავად შეარჩევს მინისტრებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად; პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა;
- თუ მთავრობას უფლებამოსილება სხვა მიზეზით (არა ახალი პარლამენტის არჩევის გამო) შეუწყდა, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის იმ კანდიდატს წარადგენს დასამტკიცებლად, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, წევრთა რაოდენობით ყველაზე დიდი ფრაქცია შესთავაზებს;
- თუ პარლამენტი ორ მცდელობაზე ვერ დაამტკიცებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მთავრობას, მაშინ პრეზიდენტი უკვე დეპუტატთა ორი მეხუთედის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას წარადგენს დასამტკიცებლად და მხოლოდ მას შემდეგ დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუ ვერც მესამე ცდაზე მოხერხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება;
- მხოლოდ მთავრობა იქნება უფლებამოსილი (და არა პრეზიდენტი, როგორც დღეს მოქმედ მოდელშია) პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რითაც საბიუჯეტო პროცესზე პასუხისმგებლობა მთლიანად მთავრობასა და პარლამენტზე გადის;
- მთავრობას ექნება უფლება მიმართოს პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების შესახებ (ეს დებულება საბაზისო პროექტში არ იყო); ეს უფლება განსაზღვრულ შემთხვევებში დარჩება პრეზიდენტსაც, თუმცა პრემიერ–მინისტრის კონტრასიგნაციის საჭიროებით;
- მთავრობას ექნება უფლება პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართოს;
- მთავრობის წარდგინების გარეშე პრეზიდენტი ვერ დანიშნავს ან გაათავისუფლებს ელჩებს თანამდებობიდან, ასევე მთავრობის თანხმობის გარეშე ვერ მიიღებს დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციის გადაწყვეტილებას;
- მთავრობა თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს (საბაზისო პროექტში ეს პრეზიდენტთან შეთანხმებული გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო; მოქმედი კონსტიტუციით კი ეს უფლებამოსილება მთლიანად პრეზიდენტის კომპეტენციაა);
- პრემიერ–მინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტებისა; აქვე განსაზღვრულია ის მიმართულებები, მათ შორის პარლამენტის დათხოვნა; არჩევნების დანიშვნა; კანონის ხელმოწერა; საომარი მდგომარეობის გამოცხადება და გაუქმება; მოქალაქეობის მინიჭება და შეწყვეტა; მოსამართლეთა დანიშვნა, როცა პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციის განხორციელების უფლება არ აქვს;
- მთავრობას მიენიჭება უფლება მოსთხოვოს პრეზიდენტს რეფერენდუმის დანიშვნა (ეს დებულება საბაზისო პროექტში არ იყო);
- მთავრობას უნდა შეუთანხმოს პრეზიდენტმა სხვა სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების წარმართვა და ხელშეკრულებების დადება (ეს დებულება საბაზისო პროექტში არ იყო).
პრეზიდენტი
- პრეზიდენტი რჩება ქვეყნის მეთაურად, სამხედრო ძალების მთავარსარდლად და საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლად, თუმცა აღარ წარმართავს და განახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას;
- პრეზიდენტის საარჩევნო ცენზი კვლავ 35 წელია და ამ პოსტზე შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 5 წელი მაინც უცხოვრია და არჩევნების დანიშვნის დღისთვის ბოლო 3 წელი ცხოვრობს საქართველოში – ეს დებულება ამგვარად შეიცვალა მესამე მოსმენის წინ. პირველი და მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტებში პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო დაბადებით საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 15 წელი მაინც უცხოვრია საქართველოში;
- პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება ეკავოს პარტიული თანამდებობა, თუმცა მას შეეძლება პარტიის წევრად დარჩენა – ეს დებულება მეორე მოსმენისას აისახა პროექტში;
- პრეზიდენტს რჩება უფლება თანამდებობაზე დანიშნოს ან გადააყენოს გენშტაბის უფროსი და სხვა მხედართმთავრები მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით– ეს საჭიროება თავდაპირველ პროექტში არ იყო გათვალისწინებული;
- პრეზიდენტი წამოაყენებს პრემიერ–მინისტრის კანდიდატურას და ნიშნავს პრემიერ–მინისტრს, რაც ამ პროცესში მისი ფორმალური მონაწილეობაა, რადგან დანიშვნის თაობაზე სამართლებრივი აქტის არ გამოცემის შემთხვევაში, პრემიერ–მინისტრი ავტომატურად მაინც ჩაითვლება დანიშნულად;
- პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება საკუთარი ინიციატივით დანიშნოს რეფერენდუმი (ასეთი უფლება მას ყველა წინა პროექტით ჰქონდა) და მხოლოდ მაშინ შეეძლება ამის გაკეთება, თუ შესაბამისი "მოთხოვნით“ პარლამენტი, მთავრობა ან არანაკლებ 200 ათასი ამომრჩეველი მიმართავს;
- პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის და პარლამენტში კანონპროექტის რიგგარედ განხილვის მოთხოვნის უფლება აღარ ექნება;
- პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება საკუთარი ინიციატივით მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ან სესია (ეს უფლება მას კანონპროექტის მეორე მოსმენისას შეეკვეცა), თუმცა ასეთი სხდომები მან პარლამენტის თავმჯდომარის, დეპუტატთა არანაკლებ მეოთხედის ან მთავრობის მოთხოვნით უნდა მოიწვიოს, მაგრამ თუ მოწვევის აქტი არ გამოსცა, მოთხოვნის მიღებიდან 48 საათში პარლამენტი მაინც იკრიბება;
- პრეზიდენტს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების, დენონსირების და გაუქმების თხოვნის დაყენება პარლამენტის წინაშე შეეძლება პრემიერ–მინისტრის კონტრასიგნაციით (კონტრასიგნაციის საჭიროება თავდაპირველ პროექტში არ იყო გათვალისწინებული); ამასთან განსაზღვრულია იმ შეთანხმებათა კატეგორიები, რომლებზეც პრეზიდენტს ზემოთ აღნიშნული თხოვნით მიმართვის უფლება ექნება;
- პრეზიდენტი აღარ მიიღებს მონაწილეობას საბიუჯეტო პროცესში;
- პრეზიდენტს აღარ ექნება ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრების პარლამენტში წარდგენის ექსკლუზიური უფლება (რაც თავდაპირველ პროექტში იყო გათვალისწინებული) და ამის გაკეთება მთავრობასთან შეთანხმებით მოუწევს;
- მთავრობასთან შეთანხმებით მოუწევს ასევე პრეზიდენტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ძირითად პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად – პირველი მოსმენით მიღებული ეს ახალი დებულება წინა პროექტებში არ იყო ასახული;
- პრეზიდენტს აღარ შეეძლება აღმასრულებელი ხელისუფლების სამართლებრივი აქტების გაუქმება ან შეჩერება;
- პრეზიდენტს შეეძლება მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მთავრობის სხდომაზე ამ საკითხთა განხილვაში (თუმცა არა მთავრობის სხდომის თავმჯდომარეობა, როგორც ეს საბაზისო პროექტში იყო);
- 15–დღემდე ნახევრდება პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საპარლამენტო ვადები. იმპიჩმენტის საკითხის ინიცირება კვლავინდებურად პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეეძლება, რომელიც პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობისა ან კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს (დღეს მოქმედი წესით პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს განსჯადია დარღვევის ტიპის მიხედვით). თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს დარღვევას, იმპიჩმენტი 15 დღეში (არსებული 30–ის ნაცვლად) დეპუტატთა არანაკლებ ორმა მესამედმა უნდა გამოუცხადოს პრეზიდენტს;
- ახალი საკონსტიტუციო დებულების თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. ახალი პრეზიდენტი ფიცს არჩევიდან მესამე კვირა დღეს დებს;
- ახალი დებულების მიხედვით, თუ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა და მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა, ორ თვეში ხელახალი არჩევნები გაიმართება (ეს დებულება პროექტში მეორე მოსმენის შემდეგ ჩაიდო);
- პრეზიდენტს დარჩება უფლება გამოაცხადოს საომარი ან საგანგებო მდგომარეობა, დადოს ზავი – ეს გადაწყვეტილებები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს;
- პრეზიდენტს კვლავაც ექნება უფლება პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს თვითმმართველი ორგანოების საქმიანობა ან დაითხოვოს ისინი, თუ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო ორგანოთა კონსტიტუციური უფლებემოსილებების განხორციელებას;
- პრეზიდენტს დარჩება ექსკლუზიური უფლებები დანიშნოს არჩევნები, შეიწყალოს მსჯავრდებულები, გადაწყვიტოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხები, მიანიჭოს ჯილდოები და წოდებები, ხელი მოაწეროს და გამოაქვეყნოს კანონები, სახელმწიფოს სახელით დადოს კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან;
- პრეზიდენტს ასევე დარჩება უფლება პარლამენტს წელიწადში ერთხელ წარუდგინოს მოხსენება.
პარლამენტი
- ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა ავტომატურად იწვევს ახალი მთავრობის ფორმირებას;
- პარლამენტს უფლება აქვს უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას, თუმცა ამისთვის პროცედურათა რთული თანმიმდევრობაა გაწერილი. მთლიანობაში უნდობლობის გამოცხადების და ახალი მთავრობის დამტკიცების სრულ ციკლს მაქსიმუმ 92 დღე შეიძლება დასჭირდეს, რაც შემცირებულია პირველი მოსმენით დამტკიცებულ მაქსიმალურ ვადებთან შედარებით, რაც 127 დღიან პროცედურას ითვალისწინებდა. უნდობლობის გამოცხადება შემდეგნაირად ხდება:
საკითხის აღძვრისთვის პარლამენტს უნდა მიმართოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორმა მეხუთედმა, 20–25 დღეში უნდა შედგეს კენჭისყრა და უნდობლობის საკითხის აღძვრას მხარი უნდა დაუჭიროს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. თუ ეს გადაწყვეტილება ჩავარდა, მომდევნო ექვს თვეში დაუშვებელია მისი ხელახლა ინიცირება;
უნდობლობის საკითხის აღძვრიდან 20–25 დღეში პარლამენტი კენჭს უყრის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მეხუთედის მიერ დასახელებული პრემიერის კანდიდატის პრეზიდენტისთვის წარდგენას;
პრეზიდენტს უფლება აქვს 5 დღის ვადაში დაეთანხმოს ან უარი თქვას პრემიერ–მინისტრობის კანდიდატზე;
ამ ვეტოს დაძლევა პარლამენტს სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით შეუძლია არანაკლებ 15 და არაუმეტეს 20 დღეში – ეს ვადაც 20–25 დღე იყო, თუმცა მესამე მოსმენისთვის შემცირდა;
ვეტოს დაძლევის შემთხვევაში მაქსიმუმ 14 დღეში ხდება პრემიერის წარდგენა და მისი მთავრობის დამტკიცება უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის წესით, რაც ახალი მთავრობის დამტკიცებასთან ერთად ძველი შემადგენლობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ავტომატურად ნიშნავს;
მაგრამ პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტს უფლება აქვს 3 დღის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები; - პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება მთავრობის მიერ ინიცირებულ ნებისმიერ კანონპროექტთან (მათ შორის საბიუჯეტო კანონპროექტთან) დაკავშირებით პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობის ნდობის საკითხი; პარლამენტმა 14 დღეში ან ერთი მოსმენით უნდა მიიღოს კანონპროექტი (კანონპროექტები, როგორც წესი, სამი მოსმენით მიიღება) ან უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას დადგენილი პროცედურით. თუ პარლამენტი უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება. თუმცა ამ პროცედურას არ მოჰყვება უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმით გათვალისწინებული ბოლო სტადია, რომელიც პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობას ითვალისწინებს – ამდენად, კანონპროექტთან დაკავშირებული მთავრობის ნდობის საკითხი პარლამენტის დათხოვნის და რიგგარეშე არჩევნების მიზეზი ვერ გახდება, როგორც ეს ყველა წინა პროექტში იყო გათვალისწინებული;
- პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით შეუძლია პრემიერ–მინისტრის წინაშე ცალკეული მინისტრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დასვას (ეს დებულება საბაზისო პროექტში არ იყო); თუმცა პრემიერ–მინისტრი ვალდებული არაა გაიზიაროს ან რეაგირება მოახდინოს პარლამენტის მოსაზრებაზე, რადგან საპასუხო მექანიზმებზე კონსტიტუციურ პროექტში არაფერია ნათქვამი;
- პარლამენტი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას კონტროლის პალატის მეშვეობით აკონტროლებს. მოქმედი კონსტიტუციით კი პარლამენტს ხარჯვის კანონიერების პირდაპირ გაკონტროლების ფუნქცია და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნის უფლება აქვს – ეს დებულება ახალ მოდელში აღარ ფიგურირებს;
- მთავრობას აღარ აქვს ვალდებულება საპარლამენტო კომიტეტებთან „შეთანხმების“ შემდეგ წარადგინოს სახელმწიფო ბიუჯეტი, როგორც ეს მოქმედ კონსტიტუციაშია. ახალი რედაქციით, ბიუჯეტის წარდგენას კომიტეტებთან მისი ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების "განხილვა“ უნდა უძღოდეს წინ და არა "შეთანხმება“;
- ელჩების დანიშვნაში პარლამენტის თანხმობა აღარ იქნება საჭირო;
- დეპუტატთა ერთი–მეხუთედის (ნაცვლად დღეს არსებული ერთი მეოთხედის) მოთხოვნით იქმნება საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები; კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება კი მიიღება პარლამენტის "რეგლამენტით დადგენილი წესით“ ანუ დადგენილებით, რასაც სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება; კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საერთო წევრთა ნახევარს;
- პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ორგანულ კანონზე – სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ხოლო ჩვეულებრივ კანონზე – სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით (დღეს არსებული სამი მეხუთედის ნაცვლად) შეეძლება; კონსტიტუციური კანონის შემთხვევაში კი – არანაკლებ ორი მესამედით;
- პარლამენტის წევრს შეუძლია კითხვით მიმართოს ყველა დონის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს და მიიღოს მისგან პასუხი.
სხვა ცვლილებები
- პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს. (საბაზისო ვარიანტში, ეს ნორმა ყველა სახელმწიფო–პოლიტიკურ თანამდებობებზე ვრცელდებოდა);
- საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება ხელშეუვალია; მისი შეზღუდვა დასაშვებია იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი, რაც გამოიხატება წინასწარ, სრულ და სამართლიან ანაზღაურებაში, რომელიც გათავისუფლებულია ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან;
- ორგანული კანონის კატეგორია რჩება კონსტიტუციაში (თავდაპირველ პროექტებში ამ კატეგორიის ამოღება იყო გათვალისწინებული), ასევე ახალი დებულების მიხედვით, შრომის კოდექსი ორგანულ კანონთა კატეგორიას უნდა მიეკუთვნოს;
- მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზი 30 წელი იქნება (ნაცვლად დღეს მოქმედი 28 წლისა) და მათი დანიშვნა მოხდება უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე; თუმცა დანიშვნამდე მათთვის არაუმეტეს 3–წლიანი გამოსაცდელი პერიოდია გათვალისწინებული (ეს დებულება საბაზისო პროექტში არ იყო);
- ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების ძირითადი პრინციპები ცალკე, კონსტიტუციის ახალი თავით რეგულირდება;
- კონსტიტუციის გადასინჯვა რთულდება – ცვლილებები მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ორ თანმიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
ამოქმედების ვადები
- გარდამავალი დებულებების თანახმად, კანონპროექტის ძირითადი ნაწილი, მათ შორის მთავრობის, პრეზიდენტის, პარლამენტის ახლებური უფლებამოსილებები და საკუთრების შესახებ დებულება ძალაში შედის 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. ამის ნაცვლად, კანონპროექტში მეორე მოსმენის ჩათვლით, ამოქმედების ვადად კონკრეტული თარიღი – 2013 წლის 1 დეკემბერი ეწერა;
- ამ კანონის ძალაში შევლისას მთავრობა უნდა გადადგეს და ახალ შემადგენლობას პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს ნდობა ახალი წესით;
- მანამდე, 2012 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობას უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება და პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს ახალ შემადგენლობას მთავრობა ნდობის მოსაპოვებლად;
- 2011 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის კანონპროექტის რიგი დებულებები, მათ შორის კონსტიტუციის ახალი თავი თვითმმართველობის შესახებ.
This post is also available in: Русский (რუსული)