სააკაშვილი მიესალმა ახალი კონსტიტუციის მიღებას
პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა პარლამენტის მიერ 15 ოქტომბერს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის მიერ მიცემული ”პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია” გაითვალისწინა.
ცვლილებების მიღებიდან ცოტა ხანში, ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილი მიესალმა პარლამენტს იმის გამო, რომ პროექტი მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ვენეციის კომისიამ, როგორც მან აღნიშნა, ”საბოლოო დასკვნა” გამოაქვეყნა; მისი თქმით, ამგვარი ქმედებით, პარლამენტმა ოპონენტებს არ დაუტოვა იმის შესაძლებლობა, რომ გაეკრიტიკებინათ ხელისუფლება იმის გამო, რომ არ დაელოდნენ ევროპელი ექსპერტების საბოლოო რეკომენდაციებს.
”მინდა ვთქვა, რომ პრაქტიკულად ყველაფერი დასკვნაში გაზიარებულია ერთი პატარა მომენტის გარდა – დასკვნის თანახმად ჩვენ პარლამენტს უფრო მეტად უნდა შეემცირებინა პრეზიდენტის უფლებები და პარლამენტმა თქვა, რომ ამ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანა არის ამდენი გამოწვევის წინაშე, პრეზიდენტის უფლებების მთლიანად ნიველირება, როგორც ეს არის უმეტეს ევროპულ ქვეყნებში, არის გამორიცხული,” – განაცხადა სააკაშვილმა.
8 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ გამოქვეყნა მეორე წინასწარი მოსაზრება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, სადაც მოუწოდა საქართველოს პარლამენტს ახალი კონსტიტუციის მიღებამდე მის საბოლოო რეკომენდაციებს დალოდებოდა. პარლამენტმა, რომელიც თავდაპირველად კონსტიტუციის საბოლოო მოსმენით მიღებას 12 ოქტომბერს გეგმავდა, კენჭისყრა 15 ოქტომბრამდე გადადო. ვენეციის კომისიამ საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა 15 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა; საბოლოო მოსაზრების ტექტსი კომისიის ვებგვერდზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან სწორედ ახლახანს მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება მობილურ ტელეფონზე, რომლის თანახმადაც, ”ვენეციის კომისიის მდივანმა [თომას] მარკერტმა განაცხადა, რომ ’კომისიის მიერ დაწვრილებითი ანალიზის შემდეგ კომისია მზად არის განაცხადოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია მთლიანად – ხაზს ვუსვამ – მთლიანად შეესატყვისება ევროპულ ტრადიციას’. ეს არის დასკვნა. ახლა რაც უნდათ ის ილაპარაკანონ,” – განაცხადა სააკაშვილმა.
ახალი საკონსტიტუციო მოდელი, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში არჩეული ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში, საგრძნობლად შეამცირებს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს პრემიერ–მინისტრისა და მისი მთავრობის გაძლიერების ხარჯზე. თუმცა, პრეზიდენტი შეინარჩუნებს მნიშვნელოვან როლს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში და ექნება უფლება ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ წარდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.
This post is also available in: Русский (რუსული)