გილაური ჩინეთისა და ინდოეთის საინვესტიციო პოტენციალზე საუბრობს
პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და ინდოეთში 24 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე განხორციელებული მისი ვიზიტის შედეგად, უახლოესი 2–3 წლის განმავლობაში ამ ქვეყნებიდან ნახევარ მილიარდ აშშ დოლარზე ინვესტიციაა მოსალოდნელი საქართველოში.
“დაინტერესება დიდია და იმედი გვაქვს, რომ რეალურად უახლოეს მომავალში დავინახავთ ჩინური და ინდური კომპანიების მიერ განხორციელებულ საკმაოდ დიდ საინვესტიციო პროექტებს,“– განაცხადა გილაურმა 3 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე საუბრისას.
მისი თქმით, 10–ზე მეტი პროექტია, რაზეც ხელისუფლება მუშაობს ჩინელ და ინდოელ ინვესტორებთან, როგორც "ყველაზე მზარდი და სტაბილური ეკონომიკებისა“ და "დიდი საინვესტიციო კაპიტალის“ მქონე ქვეყნების წარმომადგენლებთან. გილაურის განცხადებით, მათ საქართველო აინტერესებთ როგორც სატრანზიტო ქვეყანა და ასევე როგორც პლატფორმა, სადაც წარმოებული პროდუქციის გატანა მოხდება დასავლურ ბაზრებზე.
გილაურის თქმით, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართული პოლიტიკური შეხვედრების ფარგლებში ასევე გამოთქვეს "აბსოლუტურად ყველა დონეზე საქართველოს და საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის დიდი მხარდაჭერა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)