სააკაშვილი: 7 ნოემბრის “ყველა მოქმედება იყო სწორი“

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამი წლის წინ 7 ნოემბრის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დარბევისას და ტელეკომპანია "იმედის“ დახურვისას ხელისუფლების "ყველა მოქმედება იყო სწორი“, თუმცა "რაღაცეები უფრო ლამაზადაც შეიძლება გაკეთდეს“.

მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებსა და მასში აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის როლზე კახა ბენდუქიძის მიერ დაარსებულ "თავისუფალ უნივერსიტეტში“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"რამდენიმე წლის წინ, 7 ნოემბერს, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის ერთ–ერთ წლისთავზე ძალიან ძალიან საშიშმა სახელმწიფო დამნაშავემ ბადრი პატარკაციშვილმა გადაწყვიტა საქართველოში მოეწყო რევოლუცია, კონტრრევოლუცია, უფრო სწორად,“– განაცხადა სააკაშვილმა,  "მან დაამუშავა საზოგადოებრივი აზრი მრავალი თვის განმავლობაში… მინსკში შეხვდა – და ეს ვიცით დანამდვილებით – ორ ეფ–ეს–ბეს გენერალს, 2007 წლის სექტემბერში დაითქვა თარიღი როდის უნდა გაკეთებულიყო ეს, გადაუხადეს თავის გაზეთში "კომერსანტში“ ორჯერ უფრო მეტი ფასი, ვიდრე ის ღირდა ერთადერთი პირობით – ‘მიგაქვს ეს ფული და იხარჯება ის საქართველოში გადატრიალების მოწყობაზე’“. 

თუმცა, მისი თქმით, საქართველომ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი, რადგან მთავრობამ გამოიჩინა სიმტკიცე, მისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა „იმოქმედეს ძალიან ეფექტურად და ჩვენ ხალხს ეყო სიბრძნე“.

“საქართველო არ ჩაითვლებოდა დემოკრატიად ჩვენ რომ ეს მიტინგები დაგვერბია, დაგვეშალა და შემდეგ გვეთქვა, რომ ‘ახლა ყველამ პირში ყველაფერს ლაგამი უნდა ამოვდოთ, ტელევიზიები დახურულია სამუდამოდ  – და იცით, რომ რამოდენიმე დღით დაიხურა მხოლოდ "იმედი“ –  არავინ ხმას აღარ ამოგაღებინებთ, არჩევნები აღარ იქნება და აწი მე ვმართავ იმიტომ, რომ თქვენ აღარ გენდობით, თქვენ ზედმეტად ურჩი ხალხი ხართ’. შეიძლება ვიღაცას ასეთი რეაქცია ჰქონოდა,“– განაცხადა სააკაშვილმა. 

“დემოკრატიის ტესტი იყო ის, რომ მას შემდეგ რაც  ჩვენ დავშალეთ ეს მიტინგი, დავხურეთ ამ სახელმწიფო დამნაშავის მიერ მართული ტელევიზია, არ მივეცით საშუალება სახელმწიფო გადატრიალების გაკეთების, რაც დეტალურად აღწერა თვითონ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც მიცა ერეკლე კოდუას, ამის შემდეგ, მე, ყველაფერ ამის მოთავე, გადავდექი და მივეცი ჩვენ ხალხს საშუალება ხელახლა მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში“.

“აი ეს არის დემოკრატიის ტესტი, პასუხისმგებლობა იმაზე, რაც უნდა გაკეთდეს,“– განაგრძო მან, "და დღეს აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი მოქმედება იყო სწორი – რაღაცეები უფრო ლამაზადაც შეიძლება გაკეთდეს – ყველა მოქმედება იყო სწორი იმიტომ, რომ საუბარი იყო – მე ვერ წარმომიდგენია პატარკაციშვილი, რომელიც მოვიდოდა ხელისუფლების სათავეში, მერე როგორ დაუშვებდა აზრის პლურალიზმს“.

მისი თქმით, დღეს საქართველოში არის დემოკრატია და პლურალიზმი, "მინიმუმ, აზრის გამოთქმის“.

“დააკვირდით, ყველაზე მეტად ვინც ყვირის დღეს, რომ დემოკრატია ჭირდებათ, ყველაზე მეტად ის ილანძღება უშვერი სიტყვებით და ყველაზე მეტად ის არის მოუთმენელი სხვა ადამიანის აზრის მიმართ… რომელ არხებზე მიდის პროპაგანდა, რომ ‘ეს არ არის ქართველი, ეს სხვა ეროვნების წარმომადგენელია’… სიძულვილით დემოკრატია არ იქმნება და ახალი ქვეყანა არ შენდება. და სიძულვილის შეკავება, მათ შორის არის დემოკრატიის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა და პასუხისმგებლობა,“– აღნიშნა სააკაშვილმა.

This post is also available in: Русский (რუსული)