ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დაიწყო

საპარლამენტო და არასაპარლენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის შეხვედრა დაიწყო, რომელზეც უნდა შეთანხმდენენ თუ რა ფორმატში უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები, რომლის მიზანიც საარჩევნო გარემოს რეფორმირებაა.

შეხვედრას, რომელსაც მმართველი პარტიიდან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ესწრებიან, პარლამენტში მიმდინარეობს და მისი გამართვა გუშინ შეთანხმდა.

საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას ყველა პარტია ესწრება (გამონაკლისია ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”, რომელსაც პარლამენტში ერთი დეპუტატი ყავს – პეტრე მამრაძე). შეხვედრას ასევე ესწრებიან ლიდერები და წარმომადგენლები შემდეგი პარტიებიდან: ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები; რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები, საქართველოს გზა, ხალხის პარტია, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.

ეროვნულმა ფორუმმა შეხვედრაზე წარმომადგენელი არ გამოაგზავნა, თუმცა განაცხადა, რომ ის რვა პარტია რომლებმაც ოქტომბრის დასაწყისში საარჩევნო გარემოს რეფორმირებისთვის ერთობლივი წინადადებები შეიმუშავეს, შეხვედრაზე მათი მანდატითაც იქნებიან აღჭურვილები.

შეხვედრის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დღეს დაწყებული მოლაპარაკებები არ უნდა იყოს ”პროცესი პროცესისთვის”; მისი თქმით ეს შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.

ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, მოლაპარაკებებს უწოდა ”ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი”, რომლის შედეგიც თავისუფალი არჩევნები უნდა იყოს. 

ფორმატის წესის განსაზღვრისას, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება თუ როგორ მოხდება მოლაპარაკებების პროცესში გადაწყვეტილებების მიღება – იქნება ეს კონსესუსზე დაფუძნებული, თუ კენჭისყრაზე. თუ შეთანხმება მოხდება კენჭისყრის პრინციპზე, მაშინ განსასაზღვრი იქნება რა რაოდენობის ხმების მოგროვება იქნება საჭირო რომ ესა თუ ის წინადადება ჯგუფის მიერ მიღებულად ჩაითვალოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)