პროტესტი საატესტატო გამოცდების წინააღმდეგ

11 ნოემბერს პარლამენტის წინ მე-12 კლასელების მცირე ჯგუფი შეიკრიბა რათა ახლად შემოღებული საატესტატო გამოცდების გაუქმება კიდევ ერთხელ მოეთხოვა.

ამავე მოთხოვნით 9 ნოემბერს მოსწავლეთა მიერ გამართული უფრო დიდი საპროტესტო აქციის შემდეგ, თბილისის რამოდენიმე საჯარო სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროში დაიბარეს, რის შემდეგაც მათმა უმრავლესობამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ეს არ იყო დირექტორების თანამდებობიდან მოხსნა, ვინაიდან სამინისტროს არ გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება.

მისი თქმით, რვა სკოლის დირექტორმა სამეურვეო საბჭოებს თავად მიმართა ამ თხოვნით, რადგან, როგორც მან თქვა, ამ დირექტორებმა, როგორც ჩანს, გაიზიარეს "პასუხისმგებლობა“ იმაზე, რომ 9 ნოემბრის საპროტესტო აქციამ მათ სკოლებში სასწავლო პროცესს ხელი შეუშალა.

თუმცა 149-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია გიორგაძემ, 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ის სხვა კოლეგებთან ერთად 9 ნოემბრის საღამოს განათლების სამინისტროში დაიბარეს და სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა მოთხოვეს იმის გამო, რომ მათი მოსწავლეები საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ.

გიორგაძემ ტელეკომპანია "მაესტროსთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მას სამინისტროში უთხრეს, რომ დირექტორები, რომელთა მოსწავლეებიც აქციაში მონაწილეობდნენ, არ უნდა მუშაობდნენ სკოლებში. მისი თქმით, მან უარი თქვა თანამდებობის დატოვებაზე, რადგან მისი სკოლის ”მოსწავლეებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.”

განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აგვისტოში უწოდა "მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწე“, რომელსაც კარიერული წინსვლის დიდი შესაძლებლობა აქვს, ხშირადაა კრიტიკის სამიზნე იმ ოპონენტების მხრიდან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მან გადაუხვია განათლების რეფორმის იმ მთავარ პრინციპებს, რომელთა დანერგვაც ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო. ერთ–ერთი ასეთი მიმართულება, ოპონენტების თქმით, არის საჯარო სკოლების დეცენტრალიზაციის პროცესის შეჩერება და საჯარო სკოლების სამინისტროზე დაქვემდებარების ზრდა.

რამოდენიმე ასეულმა მე-12 კლასელმა პირველი საპროტესტო აქცია 9 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ გამართა, რის შემდეგაც მათ განათლების სამინისტროს შენობის წინ გადაინაცვლეს.

საატესტატო გამოცდების პროგრამა განათლების სამინისტრომ 2010 წლის მარტში დაამტკიცა – დაგეგმილზე ხუთი თვით ადრე, რათა, როგორც სამინისტრო აცხადებს, მოსწავლეებს მეტი დრო მისცემოდათ მოსამზადებლად.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამოცდები რვა საგანში გაიმართება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. სამინისტროს თქმით, ტესტები მარტივია და მის დასაძლევად მოსწავლეებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა მოუწევთ.

მაგრამ ის მოსწავლეები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, პრეტენზიებს გამოთქვამენ იმის გამო, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან, რაც მათთვის უფრო მეტად პრიორიტეტულია, ყურადღების გადატანა სკოლის გამოცდებზე მოუწევთ. ისინი აღიარებენ, რომ გაუჭირდებათ რვავე საგანში გამოცდის ჩაბარება, რადგან ზოგიერთი საგანი მათ საერთოდ არ უსწავლიათ, რაშიც ისინი განათლების სისტემას ადანაშაულებენ. 9 ნოემბრის აქციის ზოგიერთი მონაწილე ამბობდა, რომ მათთვის მისაღები იქნება, თუ გამოცდები არა რვა საგანში, არამედ მარტო იმ რამოდენიმე საგანში ჩატარდება, რომელსაც თავად მოსწავლე აირჩევს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, გია ნოდიამ, რომელიც 2008 წელს განათლების მინისტრი იყო, განაცხადა, რომ მისთვის თავად პროტესტის მიზეზი "სასაცილოა“. თუმცა, მან ასევე განუცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ 10 ნოემბერს, რომ განათლების სამინისტროს რეაქცია, რაც რამოდენიმე დირექტორის განთავისუფლებაში გამოიხატა, იყო გადამეტებული და არასწორი. მისი თქმით, არ არის საჭირო საპროტესტო აქციის ზედმეტი დრამატიზირება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ საკითხზე კომენტარი ჯერ კიდევ 8 ნოემბერს, საპროტესტო აქციის გამართვამდე ერთი დღით ადრე გააკეთა, როდესაც მან საატესტატო გამოცდების მოწინააღმდეგეთა Facebook–ის გვერდზე (სადაც ამჟამად 5 300-ზე მეტი წევრია გაერთიანებული) მიუთითა და განაცხადა, რომ შაშკინს ”სუსტი ნერვები” არ აქვს და ”ოროსნებს” რევოლუციას არ მოაწყობინებს.

სააკაშვილი ამავე თემას კიდევ ერთხელ 11 ნოემბერს შეეხო, როდესაც სოფელ შამგონას სკოლაში განათლების მინისტრთან ერთად სტუმრობისას, მოსწავლეებს კითხა: ”თქვენ არ მონაწილეობთ ოროსნების რევოლუციაში?” 

მან ასევე განაცხადა: ”ზოგიერთი ქუჩაში არის, შატალოზე და ცდილობს რომ ოროსნების რევოლუციები აწყოს…  მაგრამ ზოგიერთი სწავლობს და ცდილობს რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს და თავისი ქვეყანა ასახელოს.”

სააკაშვილმა 8 ნოემბერს განაცხადა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია აქეზებს მოსწავლეებს ამ აქციებისკენ. მსგავსი განცხადება 10 ნოემბერს განათლების მინისტრმაც გააკეთა . 9 ნოემბერს, როცა ლეიბორისტული პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი გამოჩნდა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, მოსწავლეებმა ეს გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო არც პოლიტიკურ პარტიებთან და არც პოლიტიკასთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)